ეკონომიკა

ADB: წელს გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 8,8 ტრილიონი დოლარი იზარალოს

აზიის განვითარების ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. ბანკის საიტზე გამოქვეყნებული ახალი პროგნოზის მიხედვით, წელს გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 5,8 ტრილიონიდან 8,8 ტრილიონ დოლარამდე იზარალოს. დანაკარგის მოცულობა სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების საპასუხო ზომებზე იქნება დამოკიდებული. 

ჯერ კიდევ აპრილში ბანკი ვარაუდობდა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი 3,5 ტრილიონ დოლარს არ გადააჭარბებდა. ბანკის პროგნოზის მიხედვით, ყველაზე მეტად ის ქვეყნები დაზარალდებიან, რომლებშიც მასშტაბური ეპიდაფეთქებები იყო და მკაცრი ამკრძალავი ზომები დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა.

ბანკის პროგნოზით, განსაკუთრებული რისკის ზონაში არიან ტურიზმზე და ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებული ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც. ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად სახელმწიფოებმა მაქსიმალურად უნდა შეაკავონ ვირუსის გავრცელება, უნდა ჩატარდეს საკმარისი რაოდენობის ტესტირებები, არ უნდა შეიქმნას სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი და დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცირების წესები. 

რაც შეეხება ეკონომიკის სტიმულირების გეგმებს, ბანკის ცნობით, მთავრობებმა აქცენტი სოციალურ უზრუნველყოფაზე უნდა გააკეთონ და ფინანსურად დაეხმარონ დაზარალებულ ოჯახებს და საწარმოებს. სწორი ზომების მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, პოტენციური ეკონომიკური ზიანის 40%-ით 5,4 ტრილიონ დოლარამდე შემცირება, რაც გლობალური მშპ-ს 5,9%-ს შეადგენს.

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი პოტენციურ ეკონომიკური ზიანის შესახებ ჯერჯერობით ყველაზე პესიმისტურია. უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის J&P Morgan Chase-ის ვარაუდით, გლობალური ეკონომიკური ზიანი 5,5 ტრილიონ დოლარს გაუტოლდება. 

რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ორგანიზაცია აპრილში ვარაუდობდა, რომ მიმდინარე წელს გლობალური მშპ 3%-ით შემცირდებოდა. ორგანიზაციით პროგნოზით, წელს ეკონომიკური რეცესიის ფაზაში ჯამურად 157 ქვეყანა შევა. 

რაც შეეხება პროგნოზს საქართველოს ეკონომიკის მიმართულებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდით მშპ შესაძლოა 4%-ით შემცირდეს. კიდევ უფრო პესიმისტურია ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის [EBRD] პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ეკონომიკა შესაძლოა 4,5%-ით შემცირდეს.

კომენტარები