მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმა

უმუშევრობის კომპენსაციის მისაღებად შექმნილი საიტი პრეზენტაციიდან მალევე გაითიშა

0 კომენტარი

დღეს, 15 მაისს ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალურად უმუშევრობის ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად შექმნილი საიტის, compensation.moh.gov.ge-ის, პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციიდან მალევე საიტი გაითიშა და დარეგისტრირება ამ დრომდე შეუძლებელია. 

სამინისტროს ინფორმაციით, საიტი დროის მოკლე მონაკვეთში დიდი მოთხოვნის გამო გადაიტვირთა და შესაბამისი სამსახურები პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ. 

აღნიშნული საიტზე, უმუშევრობის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის პროცესი დღეს დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება. კომპენსაციის მისაღებად საიტზე რეგისტრირება და პირადი მონაცემების შეყვანაა საჭირო.

ცნობისთვის, მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმის შესაბამისად, თვითდასაქმებულები, რომლებმაც კორონავირუსის გამო შემოსავალი დაკარგეს კომპენსაციის სახით ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კომპენსაციის მიღებას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, რომლებიც იურიდიული პირის მიერ გაცემულ დოკუმენტაციას წარმოადგენენ. 

ეკატერინე ტიკარაძის მოადგილის, თამილა ბარკალაიას თქმით, თვითდასაქმებულები, რომლებიც ფიზიკურ პირებთან მუშაობდნენ და იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენას ვერ შეძლებენ, ვერც კომპენსაციას მიიღებენ. 

ამასთანავე, ამ სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 75 მილიონი ლარია, რაც მხოლოდ 250 ათასი თვითდასაქმებულის კომპენსაციისთვის იქნება საკმარისი, როცა ოფიციალური მონაცემებით თვითდასაქმებულთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 820 ათასს აღემატება. ამგვარად, დაახლოებით 570 ათასი მოქალაქე კომპენსაციის გარეშე რჩება. 

თვითდასქმებულების გარდა, მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმა იმ პირების ფინანსურ დახმარებასაც ითვალისწინებს, რომლებიც დაქირავებით მუშაობდნენ და კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს. 

შემოსავლის დაკარგვის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, მოქალაქეებს სახელმწიფო ყოველთვიურად 200 ლარით დაეხმარება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები