კორონავირუსი საქართველოში

პრემიერი მზადაა, პარლამენტში მივიდეს და საგანგებო მდგომარეობაზე კითხვებს უპასუხოს

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, ის და მთავრობის თითოეული წევრი მზად არიან საგანგებო მდგომარეობის შესახებ დაგროვილ კითხვებს უპასუხონ.

გიორგი გახარიას თქმით, როცა პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის, ის საკანონმდებლო ორგანოს ამის შესახებ დეტალურ ანგარიშსაც წარუდგენს.

"მესმის, რომ საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული, მათ შორის საინტერესო და ობიექტური კითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო დგომარეობის პირობებში და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მინდა გავნაცხადო მზაობა, როგორც პირადად ჩემი, ასევე მთავრობის თითოეული წევრის მხრიდან, მათ შორის პარლამენტში", - თქვა გახარიამ.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ პრემიერი პარლამენტში ერთი თვის წინ დაიბარა. დეპუტატებს მასთან საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები, თუმცა, მაშინ გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში არ მივიდა.

დღეს, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მთავრობა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მიზნით აღარ მიმართავს. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შეზღუდვა ერთიანად მოიხსნება.

"ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომლებიც დაწესებულია სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი. შეზღუდვების ნაწილი, რომლებიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის მაღალი დონე", - თქვა გახარიამ.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა და 22 მაისამდე გრძელდება.

კომენტარები