საარჩევნო შეთანხმება

ბოკერია: მარტივია - 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ვითარება მარტივია - 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს - ეს არის კარგი ვითარების ნორმალიზაციისთვის, არჩევნების შედარებით ნორმალურ პირობებში ჩასატარებლად, რის შემდეგაც, როგორც ბოკერია ამბობს, ივანიშვილი არჩევნების შედეგებს უნდა შეეგუოს.

დეპუტატმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შესრულდება და პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან, საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო კანონის პროექტს, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას ეხება, ბოიკოტს გამოუცხადებს.

"თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, ჩვენ გვაქვს ბოიკოტი. საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი გაგრძელდება. ის პარტიებიც კი, რომლებიც თვლიან, რომ .ღირს, ამ თამაშში შეყვე ივანიშვილს, თანხმდებიან, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს იმაზე, რაც მოხდება, თუ ის შეთანხმებას არ შეასრულებს.

შეთანხმება იყო, რომ ამა თუ იმ გზით, ივანიშვილს როგორც უნდა ისე, პროკურტურასა თუ სასამართლოში მისი რომელიმე პოლიტიკური კლოუნის მეშვეობით თუ პრეზიდენტის ინსტიტუტის გამოყენებით, პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები და საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. თუ ამას გააკეთებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა მეთოდით გააკეთებს და თუ არ გააკეთებს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა გზით იმართლებს თავს", - თქვა მან.

ქართული ოცნების ხელისუფლება კვლავ უგულებელყოფს დასავლელი პარტნიორების მოწოდებას, შეასრულოს 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან ხელმოწერილი შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.

8 მარტის გაფორმებული შეთანხმება ორნაწილიანია და საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხებს მოიცავს.

თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებისას კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა და ამბობენ, რომ შეთანხმების საბოლოო ტექსტში არც ერთი გვარი არაა ნახსენები.
 

ამას მალევე მოჰყვა განცხადებები საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან - 7 მაისს ევროპარლამენტარმა, ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა წერილი მიწერა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს. წერილში ის ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებდა და ხაზს უსვამდა, რომ "საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

11 მაისს წერილი გაავრცელეს შუამავლებმა. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შეთანხმების ნაწილი იმ საკითხებზეა, რაც სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. განცხადებას იზიარებდნენ სხვა დასავლელი პარტნიორებიც.

იმავე დღეს აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა აშშ-ის საელჩოს განცხადება გააზიარა და დაწერა, რომ "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შეთანხმების იმპლემენტაცია".

12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა დაწერა, რომ ელის "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით".

13 მაისს გერმანელმა ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა დაწერა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან:

"[ქართული ოცნება] ბედს სცდის, ელოდებიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც. ელოდებიან. ეს აუცილებელია, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს".

ასევე 13 მაისს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირიდან და სხვა პარტნიორებიდან ახალი კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად 500 000 000 ევროზე მეტს მიიღებს. თუმცა, ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობასთან.

კომენტარები