საარჩევნო შეთანხმება

კობახიძე: შეთანხმება 4 ელჩის თანდასწრებით გაფორმდა, ოპოზიციას ვურჩევ, ის შეასრულოს

პარლამენტი

ირაკლი კობახიძე სპეკულაციებს უწოდებს ოპოზიციის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო პროექტსაც ბოიკოტს გამოუცხადებენ.

კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო შეთანხმება 4 ელჩის თანდასწრებით გაფორმდა, შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება აუცილებელია.

"ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ 21 ივნისს პირველი მოსმენით მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, 29 ივნისს კი შეგვიძლია, სამი მოსმენით დავასრულოთ. შესაბამისად, ჩვენი ის ვალდებულება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებით არის ნაკისრი, სრულად შესრულდება ივნისის ბოლოს.

რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, ეს რბილად რომ ვთქვათ, არის უპასუხისმგებლობა და იმ შეთანხმების უხეში დარღვევა, რომელიც ჩვენ ერთად ოთხი ელჩის თანდასწრებით გავაფორმეთ. ბუნებრივია, ამას ვერ ექნება ვერავითარი გამართლება და მე მათ ვურჩევ, შეეშვან სპეკულაციებს და შეასრულონ მათ მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება“, - თქვა მან.

ქართული ოცნების ხელისუფლება კვლავ უგულებელყოფს დასავლელი პარტნიორების მოწოდებას, შეასრულოს 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან ხელმოწერილი შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.

8 მარტის გაფორმებული შეთანხმება ორნაწილიანია და საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხებს მოიცავს.

ოპოზიცია ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან აცხადებდა, რომ მისი შესრულება ორივე პუნქტის დაკმაყოფილებას ნიშნავს - როგორც პოლიტიკური პატიმრების: გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას, ისე საარჩევნო სისტემის შეცვლას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩავარდება და ეს ქართული ოცნების პასუხისმგებლობა იქნება.

თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებისას კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა და შეთანხმების საბოლოო ტექსტში არც ერთი გვარი არაა ნახსენები.

საპარლამენტო ოპოზიცია გეგმავს, საარჩევნო ცვლილებების კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადოს იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან, ხოლო შეთანხმების არშესრულებაზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.

***

ქართული ოცნების განცხადებები, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილ დოკუმენტში ნახსენები არ ყოფილა, მალევე გახდა დასავლეთის მწვავე კრიტიკის საგანი.

7 მაისს ევროპარლამენტარმა, ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა წერილი მიწერა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს. წერილში ის ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებდა და ხაზს უსვამდა, რომ "საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

11 მაისს წერილი გაავრცელეს შუამავლებმა. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შეთანხმების ნაწილი იმ საკითხებზეა, რაც სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. განცხადებას იზიარებდნენ სხვა დასავლელი პარტნიორებიც.

იმავე დღეს აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა აშშ-ის საელჩოს განცხადება გააზიარა და დაწერა, რომ "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შეთანხმების იმპლემენტაცია".

12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა დაწერა, რომ ელის "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით".

13 მაისს გერმანელმა ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა დაწერა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან:

"[ქართული ოცნება] ბედს სცდის, ელოდებიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც. ელოდებიან. ეს აუცილებელია, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს".

ასევე 13 მაისს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირიდან და სხვა პარტნიორებიდან ახალი კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად 500 000 000 ევროზე მეტს მიიღებს. თუმცა, ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობასთან.

კომენტარები