თაღლითობა

დიდი თანხის თაღლითურად მითვისებისთვის რუსეთის მოქალაქეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

0 კომენტარი
ფოტო: NewsDay.Ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის რუსეთის მოქალაქე ვ.ლ დამნაშავედ სცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, მტკიცებულებებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ ვ.ლ-მ განიზრახა მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებოდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა არარეზიდენტი ფიზიკური პირების დიდი ოდენობით ფულადი თანხები. ამისთვის ვ.ლ-მ დაარეგისტრირა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობის და მართვის მოწმობის ლეგალური/კანონიერი გზით მიღებაში დახმარებას სთავაზობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვ.ლ-ს მსგავსი მომსახურების გაწევა არ შეეძლო, იგი 2017 წლის ივნისსა და ივლისში ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ნ.კ-ს და ს.ჰ-ს, ასევე აშშ-ს მოქალაქეს მ.გ-ს გამოგონილი სახელით გაეცნო და დაარწმუნა ისინი, რომ თითქოსდა დაეხმარებოდა ნ.კ.-სთვის საქართველოს ბინადრობის და მართვის მოწმობის, ს.ჰ-სთვის უნგრეთის რესპუბლიკის და მ.გ-სთვის ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობის ლეგალურად მიღებაში. ზემოაღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ ვ.ლ-მ დაზარალებულებს მოტყუებით 48 000 ლარი, 30 000 ევრო და 104 994 აშშ დოლარი გამოართვა.

ასევე დადგინდა, რომ ნ.კ.-მ 2017 წლის 12 ივლისს ვ.ლ.-ს საბანკო ანგარიშზე შეცდომით გადარიცხა 42 300 აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ ვ.ლ.-მ იცოდა, რომ აღნიშნული თანხა ნ.კ.-ს ეკუთვნოდა და მისი დაბრუნების ვალდებულება ჰქონდა, თანხა კანონიერ მფლობელს არ დაუბრუნა და მიითვისა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ თანხებს ვ.ლ. მათი წარმოშობის წყაროს და ნამდვილი ბუნების შენიღბვის, ასევე მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით ათავსებდა მის მიერ დაფუძნებული ფიქტიური იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე, საიდანაც შემდგომში პირადად, სესხის სახით გამოჰქონდა

ვინაიდან ვ.ლ. თავს არიდებდა გამოძიებას, მას 2018 წლის 3 აპრილს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ (დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მითვისება), 4 აპრილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ლ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე, ვ.ლ-ს 2 წლის ვადით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება და სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის ეკვივალენტი 49000 აშშ დოლარი, 22400 ევრო და 16500 ლარი ჩამოერთვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები