თბილისის მერია

კალაძე: კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და მეტრუპეები სად უნდა მოიკითხოთ, იცით

0 კომენტარი

"კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და მეტრუპეები სად უნდა მოიკითხოთ, იცით ჩემზე უკეთესად", - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებას, რომ თბილისის მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამოცდილების არმქონე კომპანიები ატარებენ. მათ შორის, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, სპორტის ყოფილი მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის და ფეხბურთელ გიორგი ნემსაძის ბიზნეს-პარტნიორიცაა.

კალაძემ თქვა, რომ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს თურქული კომპანია ახორციელებს.

"რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტენდერს, როგორც ჭავჭავაძესთან მიმართებით მოგხვდათ სიმართლის მუშტი ცხვირ-პირში, იგივე მოგხვდებათ ახლაც. იმიტომ, რომ ეს კონკრეტული ტენდერი გამოცხადებული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან.

ეს არის აზიის განვითარების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია არის თურქული", - თქვა მან.

ქართული ოცნების წევრმა, ბექა დავითულიანმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე ასევე გაიმეორა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს, თურქულია, თუმცა, კონტრაქტორები და დაქირავებული ადამიანები შეიძლება საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

"თურქული კომპანია ქვეკონტრაქტორად, მომწოდებლად და მუშად ვის დაიქირავებს, მისი საქმეა. ჩვენ მისგან მოვითხოვთ სტანდარტს და ხარისხს. დანარჩენი ყველაფერი ისეთივე ტყუილია, როგორც ის, რომ თითქოს ამაში ვანო ზარდიაშვილი მონაწილეობს", - ამბობს დავითულიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები