ჩინეთი

პრეზიდენტი, რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობდა — ვინ არის სი ძინპინი

სი ძინპინი სახალხო რესპუბლიკის რიგით მეექვსე და ჩინეთის პირველი ლიდერია, რომელიც კომუნისტური რევოლუციის შემდეგ დაიბადა. სი ძინპინი 87 მილიონი წევრისგან შემდგარი პარტიის სათავეშია, ორგანიზაციის, რომლის რიცხოვნობაც გერმანიის მოსახლეობას აღემატება. გენერალური მდივანი სრულ ძალაუფლებას ფლობს სამხედროებზე, მოსამართლეებზე, მედიაზე, გიგანტურ სახელმიწიფო კომპანიებზე. ლენინის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშომის მიხედვით, სი ძინპინმა ადგილი ორკესტრის შუაგულში დაიკავა. "ორკესტრის სამართავად საჭიროა ცენტრში ყოფნა, საჭიროა, იცოდე, ვინ უკრავს ვიოლინოზე და სად, ვინ უკრავს არასწორ ნოტს და რატომ" — წერდა ლენინი.

სი ძინპინი სახალხო რესპუბლიკის რიგით მეექვსე და ჩინეთის პირველი ლიდერია, რომელიც კომუნისტური რევოლუციის შემდეგ დაიბადა. სი ძინპინი 87 მილიონი წევრისგან შემდგარი პარტიის სათავეშია, ორგანიზაციის, რომლის რიცხოვნობაც გერმანიის მოსახლეობას აღემატება. გენერალური მდივანი სრულ ძალაუფლებას ფლობს სამხედროებზე, მოსამართლეებზე, მედიაზე, გიგანტურ სახელმიწიფო კომპანიებზე.

ლენინის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშომის მიხედვით, სი ძინპინმა ადგილი ორკესტრის შუაგულში დაიკავა. "ორკესტრის სამართავად საჭიროა ცენტრში ყოფნა, საჭიროა, იცოდე, ვინ უკრავს ვიოლინოზე და სად, ვინ უკრავს არასწორ ნოტს და რატომ" — წერდა ლენინი.

სათავეში მოსვლამდე სის არაფრით გამორჩეულ პროვინციულ ადმინისტრატორად და ამერიკული პოპ-კულტურის მოყვარულად იცნობდნენ, რომელსაც პოლიტიკაზე მეტად ეკონომიკა აწუხებდა. წერდნენ, რომ პარტიულ კონკურენციაში მისი წარმატების მთავარი ფაქტორი კონკურენტებთან შედარებით, მცირერიცხოვანი მტრების ყოლა იყო. ეს არ არის სრული პორტრეტი, კომპარტიის მდივნობამდე სი ძინპინმა 30-წლიანი პარტიული გზა გამოიარა, თუმცა ადგილობრივი პოლიტიკის წესებიდან გამომდინარე მის შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი. 

2012 წლიდან დღემდე, სი ძინპინი მაო ძედუნის შემდეგ ყველაზე ავტორიტარულ ლიდერად ჩამოყილბდა. პარტიისა და ქვეყნის სიწმინდის დაცვის ლოზუნგით, ასი ათასობით მოქალაქეზე და პარტიულ ფუნქციონერზე აღიძრა საქმეები. სი ძინპინმა ერთდროულად ათი სხვადასხვა თანამდებობა დაიკავა. სახელმწიფო მეთაურისა და უმაღლესი სამხედრო მთავარსარდლის გარდა, სი ძინპინი კომპარტიის ყველაზე ძლევამოსილი კომიტეტების თავმჯდომარეა - ტაივანთან დაკავშირებული საკითხების, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის.

ფოტო: სუვენირები მაო ძედუნისა და სი ძინპინს გამოსახულებით

სიმ შექმნა და თავად მართავს ზედამხედველობის ახალ სტრუქტურებს. თავის მხრივ, ეს სტრუქტურები ზედამხედველობას უწევენ ინტერნეტს, სამხედრო რეფორმებს, ნაციონალურ უსაფრთხოებას. მან ეფექტურად დაიმორჩილა სასამართლოები, სპეცსამსახურები და პოლიცია. "იგი ყველაფრის ცენტრშია", — ამბობს აშშ-ის ყოფილი ელჩი ჩინეთში, გერი ლოკი.

ვინ არის თავმჯდომარე სი?

მიუხედავად იმისა, რომ კომპარტია უკლასო საზოგადოებას აშენებდა, უშუალოდ პარტია მკაცრად იერარქულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა და სი ძინპინი დაბადებიდანვე ამ იერარქიის სათავეში აღმოჩნდა. მომავალი თავმჯდომარე 1953 წელს ცნობილი რევოლუციონერის ოჯახში დაიბადა. სი ძინპინის მამა იმ დროისთვის სახალხო რესპუბლიკის პროპაგანდის მინისტრის პოსტს იკავებდა. სი ჭუნსუნი რევოლუციას 14 წლის ასაკში, მაშინ შეურთდა, როდესაც კლასელებთან ერთად მასწავლებელი მოწამლა, რომელსაც კონტრ-რევოლუციონერად მიიჩნევდნენ. 

როდესაც ჩინეთის მომავალი ლიდერი ხუთი წლის იყო, მამამ ერთ-ერთი ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავა, სი ძინპინი კი, კომუნისტური ელიტის შვილებისთვის განკუთვნილ "პირველი აგვისტოს სახელობის" სკოლაში შეიყვანეს. სკოლა ცინების დინასტიის ყოფილ სასახლეში მდებარეობდა და ცნობილი იყო, როგორც ლიდერების აკვანი. რევოლუციონერების პირველი თაობის შთამომავლებს ჩინეთში წითელ პრინცებს უწოდებდნენ.

სი ძინპინი მამასთან და უფროს ძმასთან ერთად

სი ძინპინის ოჯახისთვის ყველაფერი 1962 წელს, მას შემდეგ შეიცვალა, რაც მამა მაოს ოპოზიციის რიგებს მიათვალეს. სი ჭუნსუნს ჩამოართვეს თანამდებობები და ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშად გაამწესეს, დედა პროვინციაში გადაასახლეს. კულტურული რევოლუციის დაწყების შემდეგ ოჯახის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 

სხვა ბრალდებებთან ერთად ხუნვეიბინები სი ჭუნსუნს ბრალს დებდნენ, რომ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვიზიტის დროს ბინოკლიდან დასავლეთ ბერლინს უყურებდა. ამის შემდეგ სი ძინპინის მამა სამხედრო გარნიზონზე გააგზავნეს, სადაც მომდევნო წლები გაატარა. 

კულტურული რევოლუციის მიჯნაზე წარმოიშვა ლოზუნგი - "თუ მამა გმირია, გმირია შვილიც, თუ მამა რეაქციონერია, შვილი ნაძირალაა." სი ჯერ კიდევ პატარა იყო პარტიის წევრობისთვის და მამის მდგომარეობა პირდაპირ აისახა მის სოციალურ სტატუსზეც. სი და კომპარტიის სხვა ჩინოსანთა შვილები ერთად გადადგილდებოდნენ, მათ თავს ესხმოდნენ ხუნვეიბინები. მოგვიანებით სი კონტროლის მექანიზმების დისტოპიური კოლაფსის პერიოდს გაიხსენებს. მისი თქმით, წითელმა გუშაგებმა ის ოთხჯერ შეიპყრეს და მამის დაგმობა აიძულეს. 

- "თოთხმეტი წლის ვიყავი, როცა ხუნვეიბინებმა შემიპყრეს და მკითხეს - რამდენად სერიოზულად ვაფასებდი ჩემ მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

- შეგიძლიათ, ეს თვითონ შეაფასოთ. არის თუ არა ეს საკმარისი, რომ სიკვდილით დამსაჯოთ.

- ჩვენ შეგვიძლია, ასჯერ მოგკლათ

“ჩემთვის არანაირი განსხვავება არ არსებობდა, ერთხელ დამსჯიდნენ სიკვდილით თუ ასჯერ და ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა შემშინებოდა ამ მუქარის." - ამბობდა სი.

1968 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც მაომ ოპოზიცია სრულად გაანადგურა, ქაოსის შესაჩერებლად სხვა სტუდენტებს მოუწოდა, წასულიყვნენ აგრარულ პროვინციებში, რათა ცხოვრება ღარიბი გლეხებისგან ესწავლათ. მდიდარი ოჯახები შვილებს იმ რეგიონებში აგზავნიდნენ, რომელშიც რამენაირი კავშირი მაინც ჰქონდათ.. 

სი ძინპინი მამის ყოფილ სამუშაო ადგილას - შენსის პროვინციაში წავიდა, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, შრომის ინტენსივობამ შოკში ჩააგდო და სამი თვის შემდეგ პეკინში გაიქცა. ახალგაზრდა სი პოლიციელებმა მალევე დააპატიმრეს და სამუშაო ადგილზე დააბრუნეს, სადაც სი ძინპინის ოფიციალური ბიოგრაფიის მთავარი თავი დაიწერება. 

"როგორ იწრთობოდა ფოლადი"

სის თქმით, პროვინციაში იგი ხელახლა დაიბადა. ოფიციალური ვერსიის თანახმად, სი ცხოვრობდა და მუშაობდა გამოქვაბულში, იმავე პირობებში, რაშიც გლეხები. გადასახლებაში სიმ მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მისმა უფროსმა დამ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. გავრცელებული ვერსიით, თვითმკვლელობის მიზეზი ხუნვეიბინების მიერ განხორციელებული შეტევები იყო. 

ამავე პერიოდში სი ძინ პინმა კომუნისტური პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში გაწევრიანება სცადა, თუმცა მისი განაცხადი შვიდჯერ უარყვეს. პარტბილეთი სიმ ადგილობრივ კომისართან დამეგობრების შემდეგ, 1974 წელს მიიღო და მალე სოფლის მდივანიც გახდა. 

სი ძინპინი იანანის პროვინცია 1970-იანი წლები

მოგვიანებით, სი ძინპინის გადასახლების ერთ-ერთი მეგობარი ამერიკელ დიპლომატთან საუბარში იტყვის, რომ მომავალი თავმჯდომარე ძალიან ამბიციური იყო. "მან იცოდა, რომ ჩინეთის გარეთ იგი არ იქნებოდა რამით გამორჩეული. აქედან გამომდინარე, მან გადაწყვიტა წითლებზე უფრო წითელი გამხდარიყო"

მომდევნო წელს სიმ ცინხუას უნივერსიტეტში ჩააბარა. იმავე წლის გაზაფხულზე, სის მამა რეაბილიტირებულთა სიაში მოხვდა და კომპარტიაშიც აღადგინეს. 2007 წელს გადასახლების წლებზე საუბრისას სი იტყვის, რომ იანანში გატარებული წლები მისი ცხოვრების საწყისი წერტილია. "ბევრი ფუნდამენტური იდეა და თვისება, რომელიც დღეს გამაჩნია, სწორედ იანანში ყოფნის დროს ჩამომიყალიბდა." 

გამოქვაბულში, რომელშიც სი ძინპინი ცხოვრობდა დღეს მისი სახელობის მუზეუმია

"იმის გასაგებად თუ ვინ არის სი ძინპინი, ყველაზე მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ მის ერთგულებას კომუნისტური პარტის მიმართ, ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტების მიუხედავად, მან პარტიისგან მიიღო საუკეთესოც და ყველაზე ცუდიც", — ამბობს ავსტრალიის ყოფილი პრემიერი კევინ რუდი.

აღზევება

დენ სიაოპინის რეფორმების შემდეგ, სის ოჯახის წევრები კარიერის გასაკეთებლად საზღვარგარეთ წავიდნენ, სი კი ჩინეთში დარჩა და სულ უფრო მეტად ინვესტირდებოდა პარტიაში. 1979 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, იგი მამის ძველი მეგობრის, თავდაცვის უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის კენგ ბიაოს თანაშემწე გახდა. სი ატარებდა სამხედრო ფორმას და იძენდა მნიშვნელოვან კავშირებს კომპარტიის ხელმძღვანელობაში. 

ამავე პერიოდში, სიმ დიდ ბრიტანეთში ჩინეთის ელჩის შვილზე, ქე სიაომინგზე იქორწინა, თუმცა ქორწინება წარუმატებელი გამოდგა და რამდენიმე წლის შემდეგ წყვილი დაშორდა. 

სი ძინპინი 1979 წელი, ცინხუას უნივერსიტეტი

ამ დროისთვის რევოლუციონერების პირველი თაობა უკვე მოხუცდა და პარტიაშიც თაობათა ცვლის პროცესი დაიწყო. სიმ პარტიულ სამუშაოზე, ერთ-ერთ პროვინციაში წასვლა გადაწყვიტა. მისი მეგობრის თქმით, ის ფიქრობდა, რომ პეკინში დაყოვნება დაავიწროვებდა მისი კავშირების წრეს და გაზრდიდა კონკურენციას. 1982 წელს სი სამუშაოდ ხებეის პროვინციაში გაემგზავრა.  სის პირველი მდივნობა სურდა, თუმცა პარტიულმა ხელმძღვანელობამ იგი მეორე მდივნად დანიშნა.

ხებეიში მუშაობის პერიოდში სიმ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები დახვეწა და შეიძინა ახალი კავშირები. მომავალი თავმჯდომარე თავიდანვე პარტიული ვეტერანების მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა. მოხუცი პარტმუშაკები სის დამსახურებით სხვადასხვა პრივილეგიით სარგებლობდნენ. როგორც ცნობილია, პროვინციაში პირველი იმპორტული ავტომობილი სიმ ვეტერანთა კავშირს აჩუქა, თვითონ კი, მოძველებული ჯიპით სარგებლობდა. პარალელურად სი ატარებდა მცირე ექსპერიმენტებს საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით, მან გლეხებს უფრო მეტი მიწით სარგებლობის უფლება მისცა. 

სი ძინპინი 1980-იანი წლების პირველი ნახევარი

1985 წელს, სიმ ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ფარგლებში, ორი კვირა აიოვაში, ქალაქ მუსკატინში, ელეანორ და ტომას დვორჩაკის სახლში გაატარა. მომავალი თავმჯდომარის მასპინძლის თქმით, სიმ თავი ერთ-ერთი პროვინციის კვების ასოციაციის პრეზიდენტად წარაადგინა. მომავალ თავმჯდომარეს ვარკვლავური გზისა და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავების პლაკატებით მორთულ ოთახში ეძინა. 

"საღ აზრზე მყოფი ვერცერთი ადამიანი ვერ იფიქრებდა, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჩემს სახლში რჩებოდა, პრეზიდენტი გახდებოდა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაზეა საუბარი", — ამბობს ელეანორ დვორჩაკი. 

იმ წელს სი უკვე მზად იყო დაწინაურებისთვის, თუმცა, პროვინციის პარტიულმა ხელმძღვანელობამ მისი კანდიდატურა კიდევ ერთხელ დაბლოკა. ამის შემდეგ სი სამუშაოდ ფუძიანის პროვინციაში გაემგზავრა, სადაც პარტიის პირველ მდივანი მამამისის ძველი მეგობარი იყო. ახალ პროვინციაში ჩასვლის შემდეგ, სი ტაივანელ ბიზნესმენს ლიაო ვანლონგს დაუმეგობრდა. 

სი ძინპინი აშშ-ში

ვანლონგის თქმით, სი იშვიათად ლაპარაკობდა და ატარებდა მიღებებს. "ყველას არ ჰქონდა მასთან აუდიენციის საშუალება, სი დეტალურად სწავლობდა იმ ადამიანების ბიოგრაფიას, ვისაც უნდა შეხვედროდა. ის ძლიერი იყო ადამიანების ამოცნობაში"— იხსენებს ვანლონგი. 

მომდევნო წელს, სი ძინპინმა მეგობართან წვეულებაზე ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი, ფენგ ლიიუანი, გაიცნო. მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში სი ძინპინი იტყვის, რომ ლიიუანის ცოლად შერთვა გაცნობიდან 40 წუთში გადაწყვიტა. წყვილმა 1987 წელს იქორწინა. 1989 წელს ტიანანმენის მშვიდობანი დემონსტრაციის დარბევის დროს ფენგ ლიიუანი მოედანზე იმყოფებოდა და სამხედროებს სიმღერით ამხნევებდა. 

მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ სი ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი გახდებოდა, ფენგ ლიიუანმა უარი თქვა მომღერლის კარიერაზე და პარტიული ბოსის ცოლისთვის "შესაფერისი" საქმიანობით დაკავდა. 

წლების განმავლობაში წყვილი უმეტეს დროს ერთად ვერ ატარებდა, თუმცა საზოგადოებრივი ყურადღება კვლავაც ძლიერი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით გავიდა სიმღერა, რომელიც სი ძინპინს და ფენგ ლიიუანის სიყვარულს ეძღვნებოდა. სიმღერა შეიცავდა სტრიქონს, რომლის მიხედვითაც კაცებმა სის უნდა მიბაძონ, ხოლო ქალებმა - ფენგს.

პროვინციაში მუშაობის პერიოდში სიმ კორუფციის მებრძოლის იმიჯი შეიძინა. ამ წლებში დააპატიმრეს ფუძიანის პოლიციის შეფი და პროვინციის ყველაზე მდიდარი მოქალაქე, ორივე მათგანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ამავდროულად, სი ძინპინთან დაახლოებული კომპანია Yanhua Group აქტიურად ეწეოდა ალკოჰოლური სასმელების, ავტომობილებისა და თამბაქოს კონტრაბანდას. 

2007 წელს სი ძინპინს დაგროვილი გამოცდილების ფართო ასპარეზზე გამოყენების საშუალება მიეცა. ამ დროს შანხაიში კორუფციული სკანდალი გასკდა, რომელიც ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტთან, ძიანგ წემინთან, დაახლოებულ პირებს უკავშირდებოდა. პრობლემის მოსაგვარებლად შანხაიში სწორედ სი ძინპინი გაგზავნეს. 

ჩასვლისთანავე სიმ უარი თქვა მისთვის მომზადებულ მდიდრულ ვილაზე და სახლი ვეტერანთა ადგილობრივ კომიტეტს დაუთმო. მალევე სი ძინპინმა პრობლემა ვირტუოზულად ისე მოაგვარა, რომ მასსა და წემინს შორის მტრობა არ ჩამოვარდნილიყო. ეს სი ძინპინის იღბლიანი მომენტი იყო, რამდენიმე თვეში კომუნისტური პარტია ლიდერთა ახალ თაობას ირჩევდა. 

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ფსონი ლი კეციანზე გაკეთდებოდა, თუმცა კონსულტაციების შედეგად პარტიის ბოსებმა "წითელი პრინცები" არჩიეს და სი ძინპინიც პარტიული ბრძოლის ფავორიტებში გავიდა. ეპიზოდური წარმატების მიუხედავად, მოხუცებული ფუნქციონერების რჩეულობა ერთგვარ პრობლემასაც წარმოადგენდა - კომპარტიის ლიდერებს მემკვიდრედ შედარებით სუსტი ფიგურა ერჩივნათ, რათა კულისებს მიღმა მეტი ძალაუფლება დარჩენოდათ. პრობლემა იყო სი ძინპინის დაბალი ცნობადობაც ქვეყნის მასშტაბით. 

ლიდერთა ახალი თაობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩინეთში ბოლო წლების უმსხვილესი პოლიტიკური სკანდალი აგორდა. ნაციონალური პოლიციის შეფმა აშშ-ში გაქცევა სცადა, თუმცა იგი მანამდე დააპატიმრეს. ყოფილმა შეფმა ჩვენება მისცა უკვე დაპატიმრებული ჰო სილაის წინააღმდეგ. პო სილაი კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო და ვაჭრობის მინისტრის პოსტს იკავებდა. სილაი და მისი თანამზრახველები პარტიის ყრილობამდე დააპატიმრეს.

პარტიული კრიზისის პარალელურად, არენიდან მოულოდნელად გაქრა სი ძინპინიც. 2012 წლის 4 სექტემბერს სიმ აშშ-ის იმდროინდელ სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთან დანიშნული შეხვედრაც გააუქმა. მალევე გავრცელდა ხმები, რომ სი ძინპინს ჯანრთელობის პრობლემები აქვს. 

გაუჩინარების შემდეგ, სი საჯაროდ 19 სექტემბერს გამოჩნდა. ამერიკელი დიპლომატების ცნობით, მან ეს დრო ახალი ალიანსების დასადებად და მტრების გასანეიტრალებლად გამოიყენა. ამასთანავე, ოფისში შესვლამდე სის კონკურენტების საბოლოდ ჩამოეშორება სურდა, თუმცა, პარტიის უფროსმა თაობამ მას ამის საშუალება არ მისცა. საპასუხოდ, სი ერთგვარ გაფიცვაზე გავიდა, რათა პარტიულ ბოსებს მისი საჭიროება ნათლად დაენახათ. 

ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წინა შემადგენლობა

ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, 2012 წლის 15 ნოემბერს სი კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი გახდა.

ცივილიზებული ლომი

სი ძინპინი 7 კაცისგან შემდგარ ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ორგანოს მართავს. პოლიტბიუროს შვიდი წევრიდან ოთხი "წითელი პრინცების" თაობას მიეკუთვნება, რაც სახალხო რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მაღალი თანაფარდობაა.

სი ძინპინი მიიჩნევს, რომ გარედან ჩინეთს სასიკვდილო საფრთხეები ემუქრება. გენერალური მდივნის ერთ-ერთი მეგობარი ამერიკელ დიპლომატთან საუბარში ამობს, რომ სი ძინპინს სურს, უკუაგდოს ჩინეთის მოსახლეობის ყოვლისმომცველი კომერციალიზაცია, მდიდართა ახალი კლასისთვის დამახასიათებელი ოფიციალური კორუფცია, ფასეულებობის, ღირსებისა და საკუთარი თავის პატივისცემის გაუფასურება.

მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სი პარტიის მორალურ მტრებს აგრესიულად შეუტევდა. მდიდართა ახალი კლასის გამოკლებით ეს ასეც მოხდა. წითელი პრინცების ნათესავებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა უხვად ისარგებლეს ჩინეთის ეკონომიკური აღმავლობით.

პეკინის ერთ-ერთი მოედანი

როგორც ცნობილია, სი ძინპინის და უძრავი ქონების მასშტაბურ აქტივებს ფლობს. ხოლო ძველი რევოლუციონერების ოჯახებმა კიდევ უფრო გაიმყარეს საკუთარი სტატუსი. ისინი კორუფციასა და ქვეყნის პრობლემებში ე.წ. დაქირავებულ ხელებს ადანაშაულებენ - ასე მოიხსენიებენ პარტიულ მუშაკებს, რომელთა მშობლებიც რევოლუციაში არ მონაწილეობდნენ.

პრობლემის გადაწყვეტის პირველი ნაბიჯი პარტიაზე სრული კონტროლის დამყარება იყო. სიმ მის ირგვლივ ერთგვარი ჩრდილოვანი კაბინეტი ჩამოაყალიბა, რომელიც არა იდელოგიური სიმტკიცით, არამედ მისი პირადი კავშირებისა და პოლიტიკური სანდოობის ნიშნით ჩამოყალიბდა. 

ჩრდილოვან კაბინეტში სის რამდენიმე ძველი მეგობარი შევიდა, მათ შორის, მისი ბავშვობის მეგობარი ლიუ ჰე, რომელმაც ეკონომიკური მიმართულება ჩაიბარა. კაბინეტშია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გენერალი, ლიუ იუანი, სის ახალგაზრდობის მეგობარი და ყოფილი პრეზიდენტის, ლიუ შიაოცის შვილი. რაც ყველაზე მთავარია, კაბინეტში შევიდა სი ძინპინის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანდო მეგობარი ვანგ ციშანი, რომელიც დისციპლინისა და ინსპექციის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. სწორედ ეს კომიტეტი აწარმოებდა წლების განმავლობაში მასშტაბურ ანტიკორუფციულ კამპანიებს.

შემდეგი ორი წლის განმავლობაში, ციშანის კომიტეტმა მიიღო შეუზღუდავი ძალაუფლება, დაეკითხა და დაეპატიმრებინა ყველა პარტიული ფუნქციონერი, რომელიც სი ძინპინის ოპოზიციაში მოიაზრებოდა. კორუფციული საქმეები აღიძრა პარტიული იერარქიის ყველა დონეზე - დაგეგმარების კომისიიდან სახელმწიფო კომპანიებამდე. პატიმრობაში აღმოჩნდა ჩინეთი უსაფრთხოების სამსახურის შეფი, ჭოუ იუნგქანგი, ყოფილი სანავთობო მაგნატი, რომელიც მოგვიანებით ჩინეთის პოლიციური და უსაფრთხოების სტრუქტურების მთავარი არქიტექტორი გახდა.

"დიდი ვეფხვები გალიაში"

მხოლოდ 2015 წლისთვის, კორუფციული ბრალდებებით 100 ათასზე მეტი თანამდებობის პირი დააპატიმრეს. სის ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, კორუფციული საქმეები მილიონზე მეტი ოფიციალური პირის წინააღმდეგ აღიძრა. კამპანიის მიმდინარეობისას არსებობდა კითხვები მის მიზნებთან დაკავშირებით. ბევრი დასავლელი ექსპერტი ფიქრობს, რომ ანტიკორუფციული კამპანია უფრო მეტად სი ძინპინის მტრების ჩამოშორებასა და პოლიტიკური ველის გაწმენდას ემსახურებოდა, ვიდრე დეკლარირებულ მიზნებს. 

ცხადია, კორუფცია ჩინეთის კომპარტიისთვის სულ უფრო მზარდ პრობლემას წარმოადგენდა და სი ძინპინს კორუფციის მართვად დონეზე შენარჩუნება სურდა. მიუხედავად ამისა, ანტი-კორუფციული კამპანია ოპონენტებთან ანგარიშსწორების ყველაზე ეფექტური ხერხი გამოდგა. ჩინეთის ავსტრალიური ცენტრის ხელმძღვანელის, ჯერემი ბარმის თქმით, ცენტრმა კამპანიის 48 ყველაზე ხმაურიანი ანტიკორუფციული საქმე შეისწავლა და დაასკვნა, რომ არცერთ მათგანში არ ფიგურირებდა "წითელი პრინცები".

როგორც ცნობილია, სი ძინპინს საბჭოთა კავშირის დაშლის ისტორია იტაცებდა და საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრიც არაერთხელ გამოუთქვამს. "არავის აღმოაჩნდა საკმარისი ნება და კაცობა, რომ ნგრევას შეწინააღმდეგებოდა", — განაცხადა მან საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზებზე საუბრისას. 

მოგვიანებით, სიმ ჩინელ მეცნიერებს სსრკ-ს დაშლის მიზეზებზე დეტალური კვლევის მომზადება დაავალა. კვლევის მიხედვით გადაღებული 6-ნაწილიანი დოკუმენტური ფილმის ნახვა ჩინელი ჩინოვნიკებისთვის სავალდებულო გახდა.

ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ფერადი რევოლუციები კომპარტიისთვის საგანგაშო სიგნალი იყო. კომპარტიამ დემოკრატიით ინფიცირების რისკი პოლიტიკურ ცხოვრებაზე კონტროლის გამკაცრების მიზეზად გამოიყენა. შიშმა კიდევ უფრო იმატა 2008 წელს ტიბეტში მომხდარი მასობრივი არეულეობებისა და არაბული გაზაფხულის შემდეგ.

ამ მოვლენების შემდეგ, სის მთავრობაში ლოიალური ოპოზიციის ადგილი უბრალოდ გაქრა. ჩინელი ფილანტროპები ხელისუფლებამ მკაცრად გააფრთხილა, თუ რომელი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება შეიძლებოდა. 2017 წელს ძალაში შევიდა ახალი კანონი არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ადამიანის უფლებათა, LGBT თუ იურიდიული აქტივისტებისთვის ქვეყანაში მუშაობა შეუძლებელი გახდა.

კიდევ უფრო გამკაცრდა კონტროლი მედიაზე - 2019 წლისთვის ჩინეთის ციხეებში სასჯელს 48 ჟურნალისტი იხდიდა, უფრო მეტი, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში.

დასავლური გავლენის შიში ერთმნიშვნელოვნად აისახება სი ძინპინის საგარეო პოლიტიკაზეც. პერსონალურ დონეზე იგი თბილად საუბრობს აიოვაში გატარებულ დღეებზე, ხოლო მისი შვილი ჰარვარდის კურსდამთავრებულია. მიუხედავად ამისა, სი ძინპინი ხშირად უსვამს ხაზს ჩინეთის უნიკალურ ისტორიულ მახასიათებლებს. მისი თქმით, ქვეყნის ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ჩინეთში შეუძლებელია წარმომადგენლობითი დემოკრატია, მონარქია, ან ნებისმიერი სხვა არაკომუნისტური სისტემა.

დენ სიაოპინის მმართველობის მთავარი პრინციპი არტიკულირებული იყო როგორც "დამალე შენი სიძლიერე, დაელოდე საუკეთესო დროს", სი ძინპინმა დენ სიაპონის კონცეფცია ჩინეთის აღზევების გზავნილით ჩაანაცვლა. 2013 წელს, პარიზში, გენერალურმა მდივანმა ნაპოლეონის ცნობილი რემარკა გაიხსენა - სი ძინპინმა განაცხადა, რომ ლომმა [ჩინეთმა] უკვე გაიღვიძა, მაგრამ ის მშვიდობიანი, თავაზიანი და ცივილიზებული ლომია. 

საკუთარი მმართველობის პირველივე წლებში იგი აქტიურად საუბრობდა, რომ ჩინეთის ხმა საერთაშორისო არენაზე უფრო მკვეთრად უნდა ისმოდეს, რათა საერთაშორისო წესრიგში მეტი ჩინური ელემენტი დამკვიდრდეს. ამ წლებში ჩინეთმა მსოფლიოს მართლაც შესთავაზა რამდენიმე სიახლე, მათ შორის, აშშ-ში დაარსებული მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატივა. ჩინეთმა აბრეშუმის გზის ინფრასტრუქტურული ფონდი და აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტირების ბანკი დააფუძნა, რომლებმაც ერთიანად 240 მილიარდი დოლარის კაპიტალი მიიღეს. 

გასული წლების განმავლობაში ჩინეთი მსოფლიოს უმსხვილესი კრედიტორი გახდა, განსაკუთრებით დიდია ჩინური ვალის წილი განვითარებად ქვეყნებში. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთმა 1,5 ტრილიონი დოლარის კრედიტები გასცა, თუმცა, მაჩვენებელი დიდი ალბათობით არაზუსტია, რადგან ვალის შესახებ ოფიციალურ ინფორმაცია საჯარო არ არის. სხვადასხვა მონაცემით, ჩინეთის მიერ ამ წლების განმავლობაში გასესხებული თანხა გლობალური მშპ-ს 5%-ს აღემატება. 

სი ძინპინმა სარფიანად ისარგებლა ბოლო წლებში ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური იზოლაციითაც. პუტინთან სის განსაკუთრებით მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. გენერალური მდივნის რანგში პირველი საგარეო ვიზიტით ის სწორედ მოსკოვს ეწვია. ამ წლების განმავლობაში, სი ძინპინი ვლადიმირ პუტინს უფრო მეტჯერ შეხვდა, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკურ ლიდერს. 

ყირიმის ანექსიიდან ცოტა ხანში, მას შემდეგ, რაც რუსეთი საერთაშორისო სანქციების წნეხშის ქვეშ აღმოჩნდა, მოსკოვმა და პეკინმა 400 მილიარდი დოლარის გაზის შესყიდვაზე გააფორმეს ხელშეკრულება. დაიწყო დიდი გაზსადენის მშენებლობა. "ციმბირის ძალა" ექსპლუატაციაში 2019 წლის ოქტომბერში შევიდა. 

სი ძინპინის და ვლადიმერ პუტინის ვიდეოკონფერენცია გაზსადენ "ციმბირის ძალის" ექსპლუატაციაში ჩაშვების დღეს

როგორც ცნობილია, ყირიმის ანექსიამ სი ძინპინზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა, მოგვიანებით უკრაინის აღმოსავლეთით განვითარებულმა მოვლენებმა ვლადიმირ პუტინზე შექმნილი შთაბეჭდილებები ოდნავ გაუფუჭა.

ბოლო ათწლეულებში ჩინეთში არსებობს განცდა, რომ სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ და პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა ქვეყანა ისტორიულ გზას ააცილა. სი ძინპინი სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს და აქედან გამომდინარე, ეს, შესაძლოა, ახალი იდეოლოგიის დაბადების წინაპირობა გახდეს. ამისკენ პირველი ნაბიჯები 2018 წელს გადაიდგა, როდესაც პარტიამ გენერალური მდივნის ორვადიანი საკონსტიტუციო ლიმიტი გააუქმა, რაც სის საშუალებას აძლევს, თანამდებობაზე 2023 წლის შემდეგაც დარჩეს. 

ამავე პერიოდში სი ძინპინის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ქვეყნის კონსტიტუციაში შევიდა და პარტიის ახალ იდეოლოგიად გამოცხადდა. მსგავსი რამ ჩინეთში მხოლოდ ორი გენერალური მდივნის - მაო ძედუნისა და დენ სიაპონის შემთხვევაში მოხდა. "სი ძინპინის ფიქრები სოციალიზმზე ჩინური მახასიათებლებით" - ეს არის დოკუმენტის ოფიციალური სახელწოდება, რომელიც უბრალოდ სის ფიქრების სახელწოდებით არის ცნობილი. 

ამ გზაზე ყველაზე უცნაური იმ მცირე თავისუფლებების დაკეტვაა, რომელიც ჩინეთის ყველაზე განათლებული და პერსპერქტიული მოქალაქეების მცირე ნაწილს მაინც ინარჩუნებდა ქვეყანაში. წლების განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლება მოქალაქეეებს ტაქტიკურად აძლევდა წვდომას ე.წ. VPN სერვისებზე. ჩინეთის მოქალაქეებს წვდომა ჰქონდათ დასავლურ საიტებზე და სოცილაურ ქსელებზე, რომლებიც ჩინეთში დაბლოკილი იყო. 

ინტერნეტის მომხმარებლების უმრავლესობა ნაკლებად იყო დაინტერესებული პოლიტიკით და უფრო მეტად დასავლელი ვარსკვლავების ინსტაგრამს ადევნებდა თვალს, მაგრამ 2014 წლის 23 აპრილს ჩინეთის ხელისუფლებამ საბოლოოდ დაბლოკა VPN და მისი გამოყენება უკანანოდ გამოაცხადა. ერთ ღამეში ჩინეთის მოსახლეობის უმრავლესობამ თავისუფალ ინტერნეტზე წვდომა დაკარგა. 

ამ დროისთვის ჩინეთში ინტერნეტს სამხედროები აკონტროლებენ: 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენზორთა 30-ათასიანი არმია, რომელიც ნებისმიერ აკრძალულ კონტენტს წამებში აქრობს, ხოლო მათი ავტორებით შესაბამისი უწყებები ინტერესდებიან. თითოეული მობილური ტელეფონი თვალთვალის და კონტროლის ინსტრუმენტია. 

ამ დროისთვის ჩინეთში სათვალთვალო კამერების ყველაზე დიდი ქსელი მოქმედებს. ჩინეთში სულ 170 მილიონი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული და ამ კუთხით ქვეყანა რეკორდსმენია - შედარებისთვის, აშშ-ში ასეთი 50 მილიონი ვიდეოკამერა არსებობს. სახელმწიფო გეგმის მიხედვით, 2021 წლისთვის დაგეგმილია კიდევ 450 მილიონი სათვალთვალო კამერის ამუშავება. ამ კამერების აბსოლუტური უმრავლესობა სახის ამომცნობი ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი.

პეკინი ტიანანმენის მოედანი

2015 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ დაიწყო პროექტი, რომელიც სახის ამომცნობი ტექნოლოგიის საფუძველზე სრულყოფილი მონაცემთა ბაზის შექმნას გულისხმობს. სათვალთვალო კამერების ყველაზე დიდი ქსელის შექმნა კი, ამ პროექტის მხოლოდ ერთი ნაწილია.

ამ ტექნოლოგიის დახმარებით, ჩინეთის ხელისუფლებას შეეძლება, შეაგროვოს და ერთიან ბაზაში მოაქციოს მოქალაქეების პირადი ინფორმაცია. რაც მთავარია, იგეგმება ხელისუფლების მიერ შეგროვებული მონაცემთა ბაზის გაერთიანება პოლიციის, ბანკების და სხვადასხვა ონლაინ-სერვისების მონაცემთა ბაზებთან.

სწორედ ამ გაერთიანებული და ყოვლისმომცველი მონაცემთა ბაზის საფუძველზე, ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს ე..წ სოციალური სანდოობის რეიტინგის შემოღებას.

სოციალური სანდოობის რეიტინგში გაერთიანებულია  ჩინეთის უკლებლივ ყველა მოქალაქე და დაარქივდება მოსახლეობის სრული პირადი ინფორმაცია. თითოეულ მოქალაქეს თავისი ქცევის საფუძველზე მიენიჭება ქულათა გარკვეული რაოდენობა და ამ ქულების მიხედვით გადაწყდება, შეეძლება თუ არა მოქალაქეს სხვადასხვა სერვისით სარგებლობა. მაგალითად, საზღვრის გადაკვეთა, ტურისტული ვიზის მიღება, სოციალური დახმარების აღება, იაფფასიან საბანკო კრედიტებზე განაცხადის შევსება და სხვა.

რთული სათქმელია, რა საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს სი ძინპინი, რადგან პოლიტიკოსების პირადი რეიტინგების შედგენა ჩინეთში აკრძალულია. ანალიტიკური ორგანიზაცია Horizon Research Group-ის პრეზიდენტის, ვიქტორ იუანის თქმით, რამდენიმე არაპირდაპირი კლვევის მიხედვით, სი ძინპინის რეიტინგი დაახლოებით 80%-ია, რომელიც უმთავრესად ანტი-კორუფციულ კამპანიას და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. 

იუანის თქმით, ყველაზე ბუნდოვანი სურათი ეკონომიკის მიმართულებითაა, უცნობია, რა პოზიცია აქვს უმრავლესობას ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ, კმაყოფილები არიან თუ არა ისინი.

ეკონომიკა სი ძინპინის ყველაზე დიდი თავსატკივარია. ახალი კორონავირუსის აფეთქებასთან ერთად, ეს რისკები მხოლოდ გაიზარდა. Თუმცა, მნიშვნელოვანი პრობლემები აქამდეც არსებობდა. ქვეყნის მუშახელი სწრაფად ბერდება და ამ დროისთვის, ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე მოხუცებული სახელმწიფოა. ბიზნესი სულ უფრო მეტ ფულს იღებს სესხად, ვიდრე გამოიმუშავებს. ეკონომისტების აზრით, ჩინეთი კაპიტალის პროდუქტიულობის კლასიკურ პრობლემას განიცდის. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველ ინვესტირებულ დოლარზე ამონაგები სულ უფრო მცირდება. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ეცემა მოთხოვნა ელექტროენერგიასა და დაუმუშავებელ ნედლეულზე. 

სულ უფრო ხშირად ცარიელდება ქალაქები და სავაჭრო ცენტრები, ხოლო ამით შეწუხებული ჩინელები ცდილობენ, ფული საზღვარგარეთ გაიტანონ. შიგადაშიგ სხვადასხვა საწარმო ვერ ახერხებს ხელფასების გადახდას. მხოლოდ 2014 წლის ბოლო კვარტალში, მუშებმა გაფიცვის ან პროტესტის სხვა ფორმებს სამჯერ უფრო მეტჯერ მიმართეს, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.

ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად ჩინეთი ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას ცდილობს, თუმცა, გამკაცრებული საყოველთაო ზედამხედველობის პირობებში ეს რთული გასაკეთებელია. მომავლისთვის აუცილებელი ინოვაციური იდეების ნაკლებობა ტოტალიტარული სახელმწიფოს თანმდევი პრობლემაა. ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთმა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში ინვესტიციების რაოდენობით ევროპას გადაუსწრო, მაგრამ როდესაც მთავრობამ საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები გამოაცხადა, გაირკვა, რომ ათიდან შვიდი ტექნოლოგიური პროექტი სი ძინპინი მნიშვნელოვანი გამოსვლების ანალიზს ეძღვნებოდა.

კომენტარები