საფრანგეთი ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად 18 მილიარდ ევროს გამოყოფს

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ედუარ ფილიპმა, ტურისტული სექტორის სტიმულირების და ფინანსური მხარდაჭერის გეგმა წარადგინა. ანტი-კრიზისული გეგმის მიხედვით, სექტორის აღდგენის სამუშაოები სამი მიმართულებით ჩატარდება. 

გეგმის პირველი ნაწილი სანიტარული ნორმების დაცულობას და ეპიდემიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხება. მეორე ნაწილი უშუალოდ ტურისტული კომპანიების, სექტორში დასაქმებულების და მსხვილი სპორტული თუ კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას მოიცავს. მესამე ნაწილი კი ტურისტული სექტორის ტრანსფორმაციას და შემდგომ განვითარებას ეხება. სულ გეგმის მოცულობა 18 მილიარდ ევროს შეადგენს. 

ამ დროისთვის საფრანგეთში ამკრძალავი ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყეს. ქვეყნის ტერიტორია წითელ და მწვანე ზონებად არის დაყოფილი. წითელ ზონაში ის ტერიტორიული ერთეულები შედის, სადაც ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმეა და საავადმყოფოები გადატვირთულია. მწვანე ზონაში ის დასახლებებია, სადაც შემთხვევების საერთო რაოდენობა მაღალი არ არის და სამედიცინო სექტორი ნაკადს უმკლავდება. 

ამ დროისთვის მწვანე ზონაში საფრანგეთის 18-დან 13 რეგიონი შედის. მთელ ქვეყანაში უკვე გაიხსნა არასასურსათო ვაჭრობის ობიექტები - სილამაზის სალონები, ქიმიური და სხვა მცირე კომერციული ობიექტები, სულ საუბარია დაახლოებით 400 ათას ობიექტზე. ასევე, გაიხსნა ბიბლიოთეკები და პატარა მუზეუმები. ჯერჯერობით დახურულია სავარჯიშო დარბაზები, კინოთეატრები, სავაჭრო ცენტრები და დიდი მუზეუმები. 

ედუარ ფილიპის თქმით, ფრანგებს შვებულებაში გამგზავრება ივლისიდან შეეძლებათ, ზუსტი თარიღები ეპიდსიტუაციის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. შედარებით კარგი ეპიდსურათის შენარჩუნების შემთხვევაში, კაფეებისა და რესტორნების გახსნა 2 ივნისიდან იგეგმება. 

საფრანგეთი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულებაა. მაგალითისთვის 2018 წელს ქვეყანას 89,4 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია. ამასთანავე, ტურიზმი საფრანგეთის ეკონომიკის წამყვანი სექტორია, 2018 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 56 მილიარდ ევროს გადააჭარბა. ტურიზმის წილი საფრანგეთის მშპ-ში 8%-ს აღემატება.

კომენტარები