კორონავირუსი

ესპანეთში ერთ დღეში Covid-19-ით 102 ადამიანი გარდაიცვალა, 8 კვირის განმავლობაში ყველაზე ცოტა

ესპანეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 102 ადამიანი გარდაიცვალა - 8 კვირის განმავლობაში ყველაზე ცოტა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

16 მაისს ქვეყანაში ახალი ვირუსით დაინფიცირების 515 შემთხვევა დადასტურდა. 

ესპანეთში ახალი კორონავირუსით 27 563 ადამიანი დაიღუპა. გამოვლენილია ვირუსით დაინფიცირების 230 698 შემთხვევა.

ესპანეთში პიკი აპრილის დასაწყისში იყო, როდესაც ერთ დღეში 950 პაციენტი გარდაიცვალა. 

15 მაისიდან ქვეყანაში ჩამსვლელ მოგზაურებს ორ-კვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ სახლში ან სასტუმროში.

15 მაისს ესპანეთში რამდენიმე ათეული მგზავრი ჩავიდა, რომლებსაც ტესტი გაუკეთეს, მისამართი, მობილურის ნომერი გამოართვეს და ინსტრუქციები დაურიგეს. მათ სახლის დატოვება მხოლოდ სუპერმარკეტში ან საავადმყოფოში გასასვლელად შეეძლებათ. ჩამოსულებმა ესპანეთში დაწესებული სოციალური დისტანციის ზომები უნდა დაიცვან და პირბადეები უნდა ატარონ.

მთავრობამ ესპანეთში შეშვებაზე გარკვეული შეზღუდვები 15 ივნისამდე გაახანგრძლივა.

ქვეყანამ ზოგიერთი შეზღუდვა უკვე შეამსუბუქა - გახსნილია ზოგიერთი ბარი და რესტორნის ტერასები.

მაქსიმუმ 400 კვადრატული მეტრის ფართობის მაღაზიებს მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ.

კომენტარები