აშშ

ტრამპმა კოსმოსური ძალების დროშა წარადგინა, "სუპერ-დუპერ" რაკეტის შექმნაზე მუშაობა დააანონსა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხედრო ძალების წევრებთან ერთად კოსმოსური ძალების დროშა წარადგინა და თქვა, რომ ახალ, "სუპერ-დუპერ" რაკეტას ქმნიან, რომელიც აქამდე არსებულ რაკეტებზე 17-ჯერ სწრაფი იქნება.

"კოსმოსი მომავალი იქნება, თავდაცვის და თავდასხმის კუთხით და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებით. და ჩვენ უკვე ლიდერები ვართ კოსმოსში" - თქვა ტრამპმა.

ეს ბოლო 72 წელიწადში პირველი ახალი სამხედრო დროშაა და ის ოვალურ ოფისში სამხედრო ძალების სხვა დანაყოფების დროშებთან ერთად განთავსდება.

ოვალურ ოფისში იმყოფებოდნენ თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი და კოსმოსური ოპერაციების ხელმძღვანელი გენერალი ჯონ რეიმონდი.

დროშაზე გამოსახულია კოსმოსური ძალების ლოგო, რომელიც ტრამპმა დეკემბერში გაასაჯაროვა.

დონალდ ტრამპმა გასული წლის აგვისტოში პენტაგონის ახალი, კოსმოსურ ბრძოლაზე ორიენტირებული შტაბის მუშაობაში გაშვება დააანონსა, რომელიც პენტაგონის დაქვემდებარებაში შევა.

შტაბი და მისი მეთაური გენერალი ჯონ რეიმონდი კოსმოსში ამერიკის ინტერესებს დაიცავენ, მათ შორის ასობით სატელიტს, რომლებიც კომუნიკაციისა და დაზვერვისათვის გამოიყენება.

მიმდინარე წლის 6 პარილს კი ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ კომერციულ პარტნიორებთან ერთად მთვარეზე რესურსების მოპოვებაზე მუშაობას დაიწყებს. გეგმის მიხედვით აშშ-მა და სახელმწიფოს პარტნიორმა კომპანიებმა მთვარესა და მარსზე ხანგრძლივი კვლევითი მისიები უნდა განახორციელონ და შეისწავლონ სხვადასხვა მინერალური რესურსების მოპოვების შესაძლებლობა.

აშშ-ის საჰაერო ძალებს უკვე ჰქონდა კოსმოსური ბრძოლის დანაყოფი, თუმცა ახალი შტაბი სპეციალური სისტემების და ოპერაციების განვითარებაზე იმუშავებს. მსგავსი შტაბი აშშ-ში 1985-2002 წლებში არსებობდა და 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაიხურა, როდესაც პენტაგონმა ფოკუსი თავდაცვაზე და ტერორიზმთან ბრძოლაზე გადაიტანა.

კომენტარები