კორონავირუსი აშშ-ში

დონალდ ტრამპი: ვაქცინით, თუ ვაქცინის გარეშე, გახსნის პროცესს დავიწყებთ

დონალდ ტრამპი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ვაქცინა, აშშ გაიხსნება:

"არ მინდა ხალხმა იფიქროს, რომ ყველაფერი ვაქცინაზეა დამოკიდებული. ვაქცინით თუ მის გარეშე, ჩვენ დავბრუნდით და ვიწყებთ პროცესს. ხშირ შემთხვევაში ვაქცინა არ არსებობს და ვირუსი ან გრიპი გვემართება, თუმცა ვებრძვით მას. სხვა დაავადებებისთვისაც არ ყოფილა ვაქცინა, თუმცა დავამარცხეთ."

მან ასევე თქვა, რომ აშშ-ის მთავრობის მიზანია ვაქცინა წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი იყოს და ეს მცდელობა მეორე მსოფლიო ომის დროს ბირთვული იარაღის შექმნაში პირველობისათვის ბრძოლას შეადარა.

"ეს ნიშნავს სისწრაფეს და ეს ნიშნავს მასშტაბურობას. უზარმაზარი სამეცნიერო, ინდუსტრიული და ლოჯისტიკური მცდელობა, რომლის მსგავსიც მანჰეტენის პროექტის შემდეგ არ გვინახავს."

მისიას ფარმაცევტული კომპანიის GlaxoSmithKline-ის ვაქცინების დივიზიის ყოფილი ხელმძღვანელი მონსეფ სლაუი უხელმძღვანელებს. მას მიაჩნია, რომ გეგმა ამბიციურია, თუმცა თვლის, რომ შესაძლებელია 2020 წლის ბოლომდე ვაქცინის ასობით მილიონი დოზა იყოს ხელმისაწვდომი.

მიმდინარე კვირას აშშ-ის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ სენატორებს უთხრა, რომ ამ დროისათვის კორონავირუსის ვაქცინის სულ მცირე 8 ვარიანტის კლინიკური ცდები მიმდინარეობს და შესაძლოა, ვაქცინა შემოდგომისათვის იყოს მზად.

თავად ენტონი ფაუჩი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება და სენატში მოსმენაზე ვიდეოზარით ჩაერთო.

ფაუჩის გარდა, თვითიზოლაციაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი და საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომისარი სტივენ ჰანი გადავიდნენ. ისინი მუშაობას დისტანციურად აგრძელებენ. მათ კონტაქტი ჰქონდათ პირთან, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ფაუჩიმ და რედფილდმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ შესაძლოა კორონავირუსის მეორე ტალღა, თუ ის სეზონურ გრიპებს დაემთხვევა, უფრო მძიმე გამოდგეს.

ბოლო მონაცემებით აშშ-ში ახალი კორონავირუსი სულ 1 495 368 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 89 116, გამოჯანმრთელდა 328 314 ადამიანი.

კომენტარები