პოლონეთი

პოლონეთში ბიზნესების გახსნის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

Reuters

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც კორონავირუსის გამო დახურული ბიზნესების სწრაფად გახსნას ითხოვდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მომიტინგეები მარშის მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა. მათ ჰქონდათ ბანერები წარწერებით "ყველაფერი კვლავ ნორმალურად იქნება" და "სამუშაო და პური".

აქციაზე დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოპოზიციონერი პარლამენტარიც, თუმცა მას იმუნიტეტი იცავს. პოლიციაში განაცხადეს, რომ პარლამენტარი არ დაუკავებიათ, ის პოლიციის მანქანაში თავად ჩაჯდა და გადასვლაზე უარი თქვა.

უკანასკნელ კვირებში პოლონეთში კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად უკვე დაიწყო. მომდევნო კვირიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და რესტორნები. ამ ეტაპზე კვლავ იკრძალება საჯარო შეკრებები და აქციები.

ბოლო მონაცემებით პოლონეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 18 257 შემთხვევაა დადასტურებული, დაიღუპა 915 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 7 175.

კომენტარები