ისრაელი

ისრაელის პარლამენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს და ბენი განცის ერთობლივი მთავრობა დაამტკიცა

Reuters

ისრაელის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს და მისი მთავარი ოპონენტის, ბენი განცის ერთობლივ მთავრობას. მომხდრე იყო 73 კანონმდებელი, წინააღმდეგი - 46.

ნეთანიაჰუმ ქნესეთს მინისტრთა კაბინეტი დღეს წარუდგინა. შეთანხმების მიხედვით, ის პრემიერმინისტრის პოსტზე კიდევ 18 თვის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი მას ბენი განცი შეცვლის.

"ხალხს ერთობა სურდა და მათ ეს მიიღეს", - თქვა ნეთანიაჰუმ პარლამენტში გამოსვლისას.

ამ პერიოდში განცი თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. მას ასევე ექნება ალტერნატიული პრემიერმინისტრის თანამდებობაც. ეს ახალი პოზიცია სპეციალურად შეთანხმებისთვის შეიქმნა და 18 თვის შემდეგ, როდესაც პრემიერმინისტრი განცი გახდება, მას ნეთანიაჰუ დაიკავებს.

ახალ კაბინეტში რეკორდული რაოდენობის, 36 მინისტრი იქნება. იმისათვის, რომ მთავრობაში შესულიყვნენ როგორც ნეთანიაჰუს, ასევე განცის მოკავშირეები, ახალი პოსტები შეიქმნა.

ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიის წევრები სხვა თანამდებობებთან ერთად დაიკავებენ ფინანსთა, ჯანდაცვის, განათლების, ენერგეტიკის, უსაფრთხოების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, დაზვერვის და რეგიონული თანამშრომლობის მინისტრების პოსტებს, განცის ლურჯი და თეთრი პარტიის წარმომადგენლები კი საგარეო საქმეთა, იუსტიციის, კულტურის და სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, დიასპორის და სოციალური თანასწორობის მინისტრების პოსტებს.

2018 წლის დეკემბრის შემდეგ ისრაელს სტაბილური მთავრობა არ ჰყავს. ქვეყანაში სამი არჩევნები ჩატარდა, თუმცა, უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო. თავდაპირველად, ბენი განცი ნეთანიაჰუსთან ერთად მთავრობის შექმნაზე უამბობდა და მიზეზად სწორედ კორუფციის ბრალდებებს ასახელებდა. საბოლოოდ კი, მან თქვა, რომ კორონავირუსის კრიზისის გამო აუცილებელია, შეიქმნას მთავრობა, რომელიც საგანგებო სიტუაციისას ქვეყანას მართავს.

ისრაელში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 16 607 შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 271, გამოჯანმრთელდა - 12 884 ადამიანი.

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. სასამართლო პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვეს ან წელს გაგრძელდეს. მისი მიმდინარეობისას ნეთანიაჰუ ვალდებული არაა, პოსტი დატოვოს. მას მაქსიმუმ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლო პროცესი კორონავირუსის გამო გადაიდო და 24 მაისს არის ჩანიშნული.

კომენტარები