17 მაისი

ლომჯარია: პროგრესი არ გვაქვს - ლგბტ თემის შეკრება, გამოხატვა, ძალადობასთანაა დაკავშირებული

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის არარსებობის შემთხვევაში ლგბტ თემი შეკრებისა და გამოხატვის მხრივ წელსაც პრობლემებს წააწყდებოდა, რადგან, მისივე სიტყვებით, ქვეყანაში ამ მიმართულებით პროგრესი არ გვაქვს.

"პირველად მათ საჯარო გამოხატვას 9 წლის წინ, 2011 წელს მიმართეს. ვიტყოდი, რომ 2011 წლის შემდეგ ჩვენ პროგრესი ამ მიმართულებით ნამდვილად არ გვაქვს - თითოეულ წელს მათი შეკრება და გამოხატვა დაკავშირებული იყო ძალადობასთან, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რეალურ რისკებთან", - ამბობს ლომჯარია TV პირველთან ინტერვიუში.

ომბუდსმენის თქმით, 2019 წელს შსს-მ მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე პირდაპირ უარი განაცხადა. მისივე თქმით, ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებებსა და ლგბტ თემის წარმომადგენლებზე თავდასხმებს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. 

"წელსაც ნაკლებად იყო მოსალოდმელი, რომ სისტემურად რამე შეცვლილიყო, დამოკიდებულებები არ შეცვლილა. სახელმწიფოს მხრიდან რაიმე არსებითი ნაბიჯი სიტუაციის გასაუმჯობესებლად არ გადადგმულა. პირიქით, ვიტყოდი, რომ ძალიან სამწუხარო იყო შარშან სახელმწიფოს მიერ გაცხადებული დამოკიდებულება, რომელიც მოძალადე ჯგუფების ძალადობრივ მოწოდებებსა და მშვიდობი მოქალაქეების მშვიდობიან გამოხატვას ერთნაირ კონტექსტში განხილავდა და ამბობდა, რომ ორივე წარმოადგენდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროს, მაშინ, როდესაც ძალადობრივი გამოხატვა ნამდვილად არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით", - ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცველის თქმით, სახელმწიფოს დამოკიდებულება არაერთგვაროვანია და ის ცდილობს, ყოველ წელს ლგბტ თემი დაარწმუნოს, რომ მათ დაცვას ვერ შეძლებს.  

"ხელისუფლებას ეშინია საზოგადოების რეაქციის და თვლის, რომ ეს არ არის იმდენად პოპულარული თემა, ან ისეთი თემა, რომლის დაცვამ ან მხარდაჭერამაც შეიძლება დააზიანოს საზოგადოებაში მათი მხარდაჭერა. ამიტომ, ყველანაირად ცდილობს, რომ არც უხეშად დაარღვიოს ამ პირთა უფლებები, თუმცა, არც მხარდამჭერად არ წარმოჩნდება", - ამბობს ომბუდსმენი.   

დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება. ამ დრესთან დაკავშირებით Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ონლაინ აქცია მიმდინარეობს.  

17 მაისის 9 წელი საქართველოში - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები