17 მაისი

ლომჯარია ანძის განათებაზე: მერია საზოგადოების ნაწილთან დაპირისპირებას მოერიდა

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მერიამ თბილისის ანძა ცისარტყელას ფერებში არ გაანათა, რადგან საზოგადოების ნაწილთან დაპირისპირებას მოერიდა. 

"ჩემი მოსაზრებაა, რომ ერიდებიან ამ თემის მხარდაჭერას. არის ცალკეული პოლიტიკოსების, მათ შორის მთავრობის წარმომადგებლების ჰომოფობიური განცხადებებიც, როგორც წესი, რადიკალურ განცხადებებს არ აკეთებენ. თუმცა, მხარდამჭერ, ცალსახა განცხადებებსა და ამის დემონსტრირებას თავს არიდებენ. ალბათ, ესეც იყო გადაწყვეტილების მიზეზი - მერია მოერიდა ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილთან დაპირისპირებას ან ხელახალი დისკუსიის წამოწევას", - თქვა ომბუდსმენმა TV პირველთან ინტერვიუში. 

რამდენიმე ორგანიზაციის მიმართვის მიუხედავად, თბილისის მერიამ 17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძის ცისარტყელას ფერებში განათებაზე უარი თქვა. 

თბილისის მერიამ 17 მაისს განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ რამდენიმე ორგანიზაციის გარდა, მათ თურქმენეთმაც მიმართა თხოვნით, ანძა მათი ქვეყნის დროშის ფერებში გაენათებინათ. 

"ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით", - წერია მერიის განცხადებაში. 

17 მაისს თურქმენეთში არცერთი ეროვნული დღესასწაული არ აღინიშნება, კონსტიტუციისა და დროშის დღეს კი ქვეყანა 18 მაისს აღნიშნავს

რაც შეეხება მომდევნო დღეებს, თბილისის მერიის განცხადებით, "იდეური მრავალფეროვნებიდან და მოთხოვნების განსხვავებულობიდან გამომდინარე", ანძა თეთრად განათდება. 

"ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის, ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოება", - წერს მერია. 

კომენტარები