კორონავირუსი იტალიაში

18 მაისიდან იტალიაში მაღაზიები, რესტორნები და სილამაზის სალონები გაიხსნება

Reuters

ორშაბათს, 18 მაისს იტალიაში მაღაზიები, რესტორნები და სილამაზის სალონები გაიხსნება. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ეს დაწესებულებები 2 თვეზე მეტია დაკეტილია.

იმისათვის, რომ მათ მუშაობა განაახლონ, უნდა დაიცვან სპეციალური მითითებები, მათ შორის უზრუნველყონ მომხმარებლებს შორის 1-მეტრიანი დისტანცია.

მილანის მაღაზიებში მომხმარებლების რაოდენობას სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით დაცვა უზრუნველყოფს. ტანსაცმელი, რომელსაც მაღაზიაში მომხმარებელი მოიზომებს 24 საათის განმავლობაში კარანტინის ოთახში მოთავსდება.

რესტორნებში ერთ მაგიდასთან დაჯდომა მხოლოდ ერთი ოჯახის წევრებს შეეძლებათ.

"ვიცი, რომ ეკონომიკის სექტორისათვის გახსნა არ ნიშნავს მდგომარეობიდან გამოსვლას", - თქვა პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ შეზღუდვების მოხსნის დაანონსებისას.

იტალია საზღვრებს 3 ივნისიდან გახსნის. ამავდროულად აღდგება იტალიის შიგნით გადაადგილება.

ბოლო მონაცემებით ახალი კორონავირუსი იტალიაში სულ 225 435 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 675 ახალი შემთხვევა. კორონავირუსით ქვეყანაში სულ 31 908 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში - 145, გამოჯანმრთელდა 125 176 ადამიანი.

კომენტარები