საარჩევნო შეთანხმება

სამადაშვილი: რურუას გათავისუფლების გარეშე 8 მარტის შეთანხმება ვერ შესრულდება

ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, 8 მარტის შეთანხმება ვერ შესრულდება მანამ, სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება.

მისი შეფასებით, სასამართლომ რურუას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლით მიიღო. თუმცა, სამადაშვილი იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება გამოიყენებს "ფანჯარას", რომელიც რჩება საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების გზაზე.

"ეს არის ნათელი ნიშანი, რომ ხელისუფლება აპირებს, ჩაშალოს ეს შეთანხმება და გიორგი რურუა დატოვოს საპყრობილეში. გიორგის დატოვებას ციხეში სამართლებრივი ლოგიკა უბრალოდ არ გააჩნია. დღეს, კიდევ ერთხელ, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ხელისუფლების ზეწოლით.

მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ხელისუფლებაზე ის უმწვავესი ზეწოლა, რომელიც ხდება როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროპიდან იმიტომ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოელიან ერთადერთ გადაწყვეტილებას - გიორგი რურუას საპყრობილედან გათავისუფლებას.

ჯერ კიდევ რჩება შესაძლებლობის ფანჯარა, სანამ პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებები დასასრულისკენ მიდის და მე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ხელისუფლება ამ შესაძლებლობების ფანჯარას გამოიყენებს უახლოეს მომავალში. ჩვენ თავიდან ავირიდებთ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზის, რომელშიც ქვეყანა შეიძლება შევიდეს", - თქვა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეცვალა გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიება და ის კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ვალერიანე ბუგიაიშვილის განმარტებით, საქმეში არ არსებობს ახალი გარემობები, რის საფუძველზეც გადაწყვეტილების შეცვლაა შესაძლებელი.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, ასევე, მთავარი არხის წილის მფლობელია, 2019 წლის 18 ნოემბერს აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა.

რურუა ბრალს არ აღიარებს.

მისი გათავისუფლება 8 მარტის საარჩევნო შეთანხმების ნაწილია, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან ერთად,რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა - ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებასაც ითხოვენ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა და მისმა მოადგილემ, სენატორმა ჯინ შაჰინმა უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ განცხადება გაავრცელეს და მიუთითეს, რომ ახლა ელიან "გიორგი რურუას გათავისუფლებას, მედიის მფლობელის, რომელიც დეკემბერში საეჭვო ბრალდებებით დააკავეს".

2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

ქართული ოცნება უარყოფდა, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილს, პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში.

დასავლელი პარტნიორების ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და მოწოდების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა ორი მათგანის შეწყალების შესახებ განაცხადა.

ქართულ ოცნებაში მაშინვე განაცხადეს, რომ მათთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

კომენტარები