საარჩევნო შეთანხმება

გიორგი კახიანი რურუაზე: სასამართლო არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებაში

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

18 მაისს საქალაქო სასამართლომ არ შეცვალა გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიება და ის კვლავ პატიმრობაში დატოვა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ქართული ოცნების დეპუტატ გიორგი კახიანის თქმით, სასამართლო დამოუკიდებელია და არ მიიჩნია საჭიროდ რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.

"სასამართლო არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილების მიღებაში. რამდენადაც ცნობილი არის, ამ ეტაპზე, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია, განაჩენი რურუას მიმართ არ დამდგარა. საუბარი იყო აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე და სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და აღკვეთი ღონისძიების სახით დარჩა ისევ პატიმრობა. ამიტომ, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება. ვნახოთ, პროცესი გრძელდება, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო", - თქვა კახიანმა.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, ასევე, მთავარი არხის წილის მფლობელია, 2019 წლის 18 ნოემბერს აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა.

რურუა ბრალს არ აღიარებს.

მისი გათავისუფლება 8 მარტის საარჩევნო შეთანხმების ნაწილია, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა - ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებასაც ითხოვენ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა და მისმა მოადგილემ, სენატორმა ჯინ შაჰინმა უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ განცხადება გაავრცელეს და მიუთითეს, რომ ახლა ელიან "გიორგი რურუას გათავისუფლებას, მედიის მფლობელის, რომელიც დეკემბერში საეჭვო ბრალდებებით დააკავეს".

2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

ქართული ოცნება უარყოფდა, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილს, პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში.

დასავლელი პარტნიორების ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და მოწოდების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა ორი მათგანის შეწყალების შესახებ განაცხადა.

ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები