ყირიმი უკრაინაა

საქართველოს და კიდევ 5 ქვეყნის განცხადება 1944 წლის 18 მაისს ყირიმელი თათრების გადასახლებაზე

საქართველოს, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყირიმელი თათრების ყირიმიდან იძულებითი გადასახლების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

მასში ნათქვამია:

"76 წლის წინ, 1944 წლის 18 მაისს საბჭოთა რეჟიმმა ყირიმელი თათრები უკანონოდ გადაასახლა თავიანთი ისტორიული საცხოვრებელი ადგილიდან, ყირიმიდან უზბეკეთის, ყაზახეთის და რუსეთის შორეულ ნაწილებში.

გადასახლების პირველივე წლებში დეპორტირებული ყირიმელი თათრების თითქმის ნახევარი დაიღუპა. ყირიმში ჩამოსვლის აკრძალვა 1989 წლამდე გაგრძელდა, რასაც თან ახლდა მიზანმიმართული ენობრივი და კულტურული ასიმილაცია.

ყირიმელი თათრების ტრაგედია 2014 წელს გამეორდა, როცა რუსეთის ფედერაციამ უკრაინას უკანონოდ ჩამოართვა ყირიმი და მისი ანექსია მოახდინა, მაშინ, როცა ყირიმი უკრაინის განუყოფელი ნაწილია.

შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთი, რომელიც სტალინის ტოტალიტარულ რეჟიმს ადიდებს, თავის უკანონო პოლიტიკას 21-ე საუკუნეშიც აგრძელებს, ყირიმის დროებითი ოკუპაციით: კრძალავს ყირიმელი თათრების მეჯლისს, აგრძელებს სისტემურ რეპრესიებს, არღვევს იმ ყირიმელი თათრების უფლებებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ათასობით ყირიმელ თათარს აიძულებს, დატოვოს თავიანთი საცხოვრებელი სახლი და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასახლდეს.

ჩვენ პატივს მივაგებთ სტალინის უკანონო გადასახლების მსხვერპლებს.

ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ყირიმელ თათრებს მათი უფლებებისთვის ბრძოლაში.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უკრაინის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.

ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინის მიმართ, ასევე ყირიმელი თათრების მიმართ რეპრესიულ პოლიტიკას.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა, სრულად განახორციელოს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში და შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნები ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის დეოკუპაციასთან დაკავშირებით.

როგორ არ უნდა ეცადოს რუსეთი, ნახევარკუნძულის ოკუპაციის ლეგიტიმაცია მოახდინოს, ფაქტი უდავოა: ყირიმი უკრაინაა".

კომენტარები