ევროპული საქართველო

ბოკერია რურუაზე: საქმე გვარებში არაა, პრინციპშია, რაც სიტყვის შესრულებას გულისხმობს

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას, გათავისუფლება კვლავ რჩება შეთანხმების არსებით ნაწილად. ბოკერიას განმარტებით, 8 მარტის შეთანხმებაში არსებულ ერთერთ პუნქტში, რომელიც პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს, არა კონკრეტულ გვარებში, არამედ პრინციპში იყო საქმე. 

"პრინციპი არის ანგარიშვალდებულების და ნათქვამი სიტყვის შესრულება. გიორგი რურუაც უნდა იყოს თავისუფალი, ამა თუ იმ ფორმით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება", - ამბობს ბოკერია ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

დეპუტატის განმარტებით, ოპოზიციის ამოცანა არ არის, რომ შეთანხმება ჩაიშალოს და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის უმძიმესი შედეგი დადგეს, რაც მისივე შეფასებით, ამავდროულად ქვეყანასაც დააზიანებს. 

"ჩვენი ამოცანაა, რომ პირიქით, შეთანხმება შესრულდეს. მერე იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც ჩვენც დავუჭერთ მხარს გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ. მერე იყოს საარჩევნო კოდექსის არსებითი გაუმჯობესება ყველა იმ რეკომენდაციისა და პარტიებს შორის კონსენსუსის საფუძველზე, სადაც ამის საშუალება იქნება. მერე იყოს არსებითად ნორმალური საარჩევნო კამპანია, მერე ყველა შეეგუოს არჩევნებზე მოქალაქეების ვერდიქტს - ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება ივანიშვილის ხელისუფლებას", - ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, ამის შემდეგ მათ სჭირდებათ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა და, უპირველეს ყოვლისა, ეს ეკონომიკას ეხება. 

"გადასახადების დაწევა, სახელმწიფოს ჩარევის შემცირება... სასამართლოზე ისტორიული ამოცანის შესრულება, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიძრას რეალურად დამოუკიდებელი სასამართლოს საკითხი", - ამბობს ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, ეს არის ის, რაც სურთ ოპოზიციურ პარტიებს, მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი განსხვავებებისა.

"იმედი მაქვს, არ გაიწელება [რურუას გათავისუფლების პროცესი] იმიტომ, რომ გარკვეული გონივრული ვადები არსებობს. ყველა გათვლით, სადღაც თვენახევარში უკვე უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრები და იქამდე უნდა მოხდეს ეს", - ამბობს დეპუტატი. 

18 მაისს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათი შეფასებით, ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ. ოპოზიციური პარტიები იმედს გამოთქვამენ, რომ საპატიმროს მალე დატოვებს მთავარი არხის ერთერთი მეწილე გიორგი რურუაც, რის შემდეგაც, პარლამენტი შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს. 

ოპოზიციის განცხადებას წინ უსწრებდა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რურუას პატიმრობაში დატოვების შესახებ. რურუა უგულავასთან და ოქრუაშვილთან ერთად ერთერთი მთავარი ფიგურა იყო, რომელსაც საქართველოს პარტნიორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პირდაპირ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებდნენ და ამბობდნენ, რომ შეთანხმების შესასრულებლად მათი გათავისუფლება იყო საჭირო. 

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ განცხადებების ფონზე 15 მაისს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. სწორედ პრეზიდენტის როლზე იყო იმთავითვე მითითება 8 მარტის შეთანხმებაში. 

რაც შეეხება რურუას, მას პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებდა, ვინაიდან მის საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, თუმცა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები