არჩევნები 2020

უგულავა: 20 ივნისის აქცია ახალი ენერგიის და ძველი პრობლემების არდავიწყების დღე იქნება

რადიო თავისუფლება

გიგი უგულავას ცნობით, ოპოზიციური პარტიები 20 ივნისს აქციას აანონსებენ. ამის შესახებ უგულავამ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

უგულავას თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ოპოზიცია აქციის გამართვისას ყველა წესს დაიცავს. ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის ცნობით, ეს არ იქნება ინტერნეტით გამართული აქცია, არამედ რეალურ სივრცეში და ოპოზიცია სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ამ საკითხზე კონსულტაციებს გაივლის.

"20 ივნისი არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, იმიტომ, რომ ეს არის დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა ხმა აიმაღლეს ამ დათმობებთან, უაზრო უშინაარსო და ქვეყნისთვის დამაზიანებელ დათმობებთან, რასაც რუსეთთან მიმართებაში ეს ხელისუფლება აწარმოებდა. ამას მოყვა ის რეაქცია, რაც ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ 20 ივნისს აქცია აბსოლუტურად ლოგიკური და სწორია, მორალურადაც და პოლიტიკურადაც გამართლებულია.

ამავე დროს პოსტპანდემიურ თუ პანდემიურ პირობებში ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც ჯანსაღ აზრთან არის ახლოს. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი სტანდარტი შეიქმნა. ქვეყანა ცხოვრებას აგრძელებს, საპროტესტო ფორმები შეიძლება შეიცვალოს ამ პანდემიის გამო, მაგრამ მუხტი და განწყობა არ შეიცვლება.

ამიტომ ახალი სტანდარტია საჭირო. ამ თვალსაზრისით ექსპერიმენტული იქნება. უნდა მოვერგოთ ახალ რეალობებს, მაგრამ შინაარსი არის უცვლელი, კვლავ დეოკუპაციის მოთხოვნა, ცვლილებების მოთხოვნა და კიდევ უფრო მწვავედ დაემატება ანტიკრიზისული სულისკვეთება იმიტომ, რომ ეკონომიკის ქარიშხალი დაუბერავს, რომელმაც შეიძლება ერთიანად წარგვხოცოს ისეთი მძიმე დღეები, თვეები და წელიწადი გველის წინ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს, რომ გამოირიცხოს, რაღაც მინიმალურ დონეზე მაინც იყოს ნდობა საერთაშორისო პარტნიორების და საზოგადოების მხრიდან, რომ ხელისუფლება უნდა მიხვდეს სიტყვის ფასს, დღეს მის სიტყვას ფასი აღარ აქვს. ამიტომ 20 ივნისი იქნება ახალი ენერგიის, ამ განახლების და ამავე დროს ძველი პრობლემების არდავიწყების დღე", - ამბობს გიგი უგულავა.

ოპოზიცია კვლად მმართველი გუნდისგან 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვს. შეგახსეებთ, რომ 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

ქართული ოცნება უარყოფს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილია, თუმცა, 15 მაისს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვენ.

კომენტარები