რუსეთი

პუტინი: რუსეთი უბრალოდ ქვეყანა არ არის, ცალკე ცივილიზაციაა

EPA-EFE

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი გამორჩეული ცივილიზაციაა და გენეტიკური და სხვა მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების საშუალებით სჭირდება დაცვა.

"რუსეთი უბრალოდ ქვეყანა არ არის, ცალკე ცივილიზაციაა. თუ გვსურს ამ ცივილიზაციის შენარჩუნება, უნდა ვკონცენტრირდეთ მაღალი დონის ტექნოლოგიებზე და მათ სამომავლო განვითარებაზე. ეს ახალი ტექნოლოგიები უკვე გამოჩნდა და მსოფლიოს შეცვლის, უკვე ცვლის მას. რუსეთმა სხვა ქვეყნების ინოვაციებს თვალი უნდა მიადევნოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მყარი საძირკველიც გვაქვს. მეცნიერების, კვლევითი ცენტრების და ინჟინრების გარეშე არ გვექნებოდა ახალი, მაღალტექნოლოგიური იარაღი, რომელიც მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ აქვს", - თქვა მან.

პუტინის მიერ ნახსენებ ტექნოლოგიებში, ზებგერით რაკეტებსა და უპილოტო მოწყობილობებს შორის არის ხელოვნური ინტელექტი და გენეტიკური კვლევები.

ინტერვიუ, რომელიც ეთერში 17 მაისს გავიდა, 2019 წლის სექტემბერშია ჩაწერილი. მის ეთერში გასვლამდე პუტინმა უხელმძღვანელა გენეტიკური ტექნოლოგიების საკითხზე გამართულ შეხვედრას. შეხვედრაზე რუსული ნავთობკომპანიის, როსნეფტის ხელმძღვანელობამ პუტინს სთხოვა, გადასახადებისაგან გაეთავისუფლებინათ, რათა ამ სფეროში ინვესტიცია ჩაედოთ. 2018 წელს პუტინმა ბიუჯეტიდან გენეტიკურ კვლევებზე $2 მილიარდი გამოყო და განაცხადა, რომ 2025 წლის ბოლოს რუსეთის ყველა მოქალაქეს "გენეტიკური პასპორტი" ექნება.

კომენტარები