არჩევნები 2020

ოხანაშვილი: ცინიკურია, ვინმე რურუასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის დასვა ტოლობის ნიშანი

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"არ შეიძლება საზოგადოებას ესაუბრო ერთი კონკრეტული პირის სახელით. დაუშვებელია და საზოგადოების მიმართ ცინიკურია, ვინმე რურუასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის დასვა ტოლობის ნიშანი", - ამბობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია კონსტიტუციურ ცვლილებებს სერიოზულად არ ეკიდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების გუნდს სრულად შეგვწევს უნარი და გვაქვს რესურსი, რომ კონსტიტუციური ცვლილებები მივიღოთ, ეს არ ართმევს პასუხისმგებლობას ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც ისხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, რომ გავიდნენ ამ შეთანხმებიდან და მხარი არ დაუჭირონ ცვლილებებს", - ამბობს ოხანაშვილი.

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა, რაც ორი პუნქტისგან შედგებოდა - პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების გათავისუფლება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილება.

ქართული ოცნება არ აღიარებს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ყოფნას, თუმცა, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სწორედ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. საპატიმროში რჩება გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები ითხოვენ, რათა სრულად შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება.

ანრი ოხანაშვილი კი ოპოზიციის მოთხოვნას თამაშს უწოდებს და მოუწოდებს მათ, "გადმოერთონ საქმიან რეჟიმზე".

"ყველა მხარე თანაბრადაა ვალდებული, შეასრულოს პირობა, მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში და ასევე მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრონციპი არის ფუნდამენტური და ვერცერთი დამოუკიდებელი შტოს ფუნქციონირებაში ჩვენ ვერ ჩავერევით. ჩვენ ვრჩებით ამ პრინციპის ერთგული. იმედი მაქვს, ამ თამაშს თავს დაანებებს ოპოზიცია, გადმოვა საქმიან რეჟიმზე, ჩაერთვება საპარლამენტო ცხოვრებაში, გააცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც აიღო ჩვენი პარტნიორების წინაშე და აქვს ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რათა ყველამ ერთად შევძლოთ მშვუდობიანი, დემოკრატიული, მაღალი სტანდარტით გამართული არჩევნების ჩატარება. ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მხრიდან ამისთვის სრული მზაობაა", - ამბობს ოხანაშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები