ნავთობის ბაზარი

აშშ-ში აქტიური ნავთობ ჭაბურღილების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

0 კომენტარი
ფოტო: wordpress.com

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნავთობის საერთაშორისო მოთხოვნის რეკორდული შემცირების გამო, აშშ-ში ნავთობის აქტიური ჭაბურღილების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია Baker Hughes-ის მიერ მომზადებულ კვლევაშია საუბარია. 

ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში აქტიური ჭაბურღილების რაოდენობა 35-ით შემცირდა და ამ დროისთვის სულ ასეთი 339 ჭაბურღილია, რაც ამგვარი სტატისტიკის წარმოების ისტორიაში, 1940 წლიდან მოყოლებული, მინიმალური მაჩვენებელია. 

ჭაბურღილების შემცირება შეეხო ტექსას და ნიუ-მექსიკოს შტატებს, რომლებიც აშშ-ში ნავთობისა და გაზის მოპოვების მთავარი წერტილებია. ამ ორ შტატში აქტიური ჭაბურღილების რაოდენობა 175-მდე შემცირდა, რაც 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

წლის დასაწყისიდან ამ დრომდე, მოპოვების აქტიური წერტილების რაოდენობა აშშ-ში 52%-ით შემცირდა, ამ დროის განმავლობაში მუშაობა დაახლოებით 400 ჭაბურღილმა შეწყვიტა. ჭაბურღილების გაჩერება მარტში მაშ შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი და საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების შემდგომ შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ, რის შედეგადაც ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა. 

ანალიტიკოსების აზრით, მოსალოდნელია, რომ წელს პროცესი გაგრძელდეს. ანალიტიკური კომპანია Simons Energy-ის პროგნოზით, მომავალ წელს აშშ-ში აქტიური სანავთობო ჭაბურღილების რაოდენობა 215-მდე შემცირდება. შედარებისთვის, გასულ წელს იგივე მაჩვენებელი მოპოვების 943 აქტიურ წერტილს გულისხმობდა. 

აშშ ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში საწვავის მოხმარება 500 ათასი ბარელით,  დღეში 12,2 მილიონი ბარელიდან 11,7 მილიონ ბარელამდე შემცირდება. ამასთან ერთად მცირდება ნავთობის საერთაშორისო მოხმარებაც დღეში 100 მილიონი ბარელიდან 92,6 მილიონ ბარელამდე. 

ამ დროისთვის ყველაზე პოპულარული ამერიკული წარმოების ნავთობის WTI-ის მარკის ნავთობის ფასი 32 დოლარს აღემატება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები