პრეზიდენტის შეწყალება

ზურაბიშვილი შეწყალებაზე: ივანიშვილმა მითხრა, ეს თქვენი გადაწყვეტილება არისო

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, როდესაც მან ბიძინა ივანიშვილს გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობა, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იყო. 

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მხარდაჭერით გაიმარჯვა, მას ივანიშვილმა უთხრა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი იქნებოდა.

"თქვენი გადაწყვეტილება არისო, როგორც, სხვათა შორის, მითხრა პირველივე დღიდან, როცა არჩეული ვიყავი და როცა შევხვდით ამის მერე, რომ იცოდეთ, თქვენ კი დაგეხმარეთ ყველანაირად, მაგრამ ეს არის თქვენი პრეზიდენტობა, დამოუკიდებელი და ნეიტრალური, როგორც კონსტიტუცია მოითხოვს და იცოდეთ, რომ თქვენ იქნებით დამოუკიდებელი თქვენს გადაწყვეტილებაში", - ამბობს ზურაბიშვილი რუსთავი 2-თან საუბარში. 

კითხვაზე თვლიდა თუ არა ივანიშვილი, რომ უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება იყო გამოსავალი, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არ იცის - "არ ყოფილა ასეთი ერთობლივი მსჯელობა". 

ზურაბიშვილმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ მან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ოპოზიციის ლიდერების შეწყალების გაჟღერებამდე, ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა - "იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი".

თუმცა, შეწყალების აქტის გამოცემიდან მალევე, უმრავლესობაში ამბობდნენ, რომ პრეზიდენტთან მათ ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონიათ და გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგიდან შეიტყვეს.

ქართულ ოცნებაში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პოლიტპატიმრების შეწყალების აქტი გამოსცა, ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებას უწუნებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს "არარელევანტური" გადაწყვეტილებაა.

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. თუმცა, პრეზიდენტი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, "ვინაიდან საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები".

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია, პირველი - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს, მეორე კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

შეთანხმების მიხედვით, უნდა გათავისუფლებულიყვნენ გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა. ოქრუაშვილი და უგულავა 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, თუმცა, 18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეცვალა გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიენა და ის პატიმრობაში დატოვა.

ქართული ოცნება უარყოფდა, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილს, პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში.

დასავლელი პარტნიორების ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და მოწოდების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა ორი მათგანის შეწყალების შესახებ განაცხადა.

კომენტარები