პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს.

კანონპროექტი ცვლილებებს ითვალისწინებს როგორც "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს Covid 19-ის გავრცელების შესაჩერებლად საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების შენარჩუნებას.

კანონპროექტის ავტორთა აზრით, სახელმწიფოს საგანგებო მდგომარეობის არარსებობის პირობებშიც უნდა შეეძლოს, სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ.

კანონპროექტს ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები ეწინააღმდეგებიან, ორგანიზაცია GDI კი მის არაკონსტიტუციურობაზე საუბრობს.

კომენტარები