მსოფლიო ბანკი: 2020 წელს უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვი 60 მილიონით გაიზრდება

ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ მოქალაქეთა რიცხვი შესაძლოა 60 მილიონით გაიზარდოს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მელპასმა განაცხადა.

"ჩვენი შეფასებით, მიმდინარე წელს უკიდურეს სიღარებეში 60 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში გლობალური სიღარიბის აღმოსაფხვრელად გადადგმული ნაბიჯები სრულიად ნივერილებული იქნება. ოჯახებმა დაკარგეს ახლობლები, დაიკარგა მილიონობით სამუშაო ადგილი და შემოსავლის წყარო. ჯანდაცვის სისტემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არანორმალურ წნეხს განიცდიან", — ნათქვამია დევიდ მელპასის განცხადებაში. 

მსოფლიო ბანკის ვარაუდით, მიმდინარე წელს გლობალური მშპ 5%-ით შემცირდება. მელპასის ცნობით, მსოფლიო ბანკმა უკვე აღმოუჩინა ფინანსური დახმარება მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანას, რომელშიც პლანეტის მოსახლეობის 70% ცხოვრობს. 

ამასთანავე, ბანკი მომდევნო 15 თვის განმავლობაში განვითარებადი ქვეყნებისთვის გრანტების სახით 160 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

"პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად მთავრობებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა გააფართოვონ ფინანსური დახმარების ბენეფიციართა სია და აქცენტი იმ მოქალაქეებზე უნდა გააკეთონ, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ" - მიიჩნევენ მსოფლიო ბანკში. 

დევიდ მელპასმა, ასევე, მოუწოდა კრედიტორ ქვეყნებს, შეურთდნენ დიდი ოცეულის ინიციატივას და განვითარებადი ქვეყნებისთვის გამოაცხადონ მორატორიუმი საგარეო ვალის გადახდაზე 

წინა კვირებში გამოქვეყნდა გაეროს დასკვნაც, რომლის მიხედვით პანდემიის შედეგად მსოფლიოში უმუშევრად შესაძლოა 195 მილიონი ადამიანი დარჩეს. ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესები, შრომითი მიგრანტები და სოფლის მეურნეობაში ჩართული მოქალაქეები დაზარლდებიან.

კომენტარები