რუსეთი

ევროკავშირის სასამართლომ რუსული გაზსადენის, Nord Stream-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა

ლუქსემბურგის ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა გაზპრომის გაზსადენის, Nord Stream 2-ის საჩივარი, რომელიც ევროკავშირის არაწევრის სახელმწიფოების კუთვნილი გაზსადენების ფუნქციონირებას ეხებოდა. საჩივარი ევროპულ სასამართლოში გაზსადენის ოპერატორმა, Nord Stream 2 AG-იმ შეიტანა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი გაზპრომია. 

რუსული გაზსადენის ოპერატორი ევროკავშირის გაზის დირექტივების ნაწილის გაუქმებას ითხოვდა, რომელიც ამ დირექტივების დაქვემდებარებაში მყოფი პროექტების ვადებს შეეხებოდა. 20 მაისს ევროპულმა სასამართლო საააპელაციო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. 

გაზპრომში მიიჩნევდნენ, რომ ევროკავშირის საგაზო დირექტივებში შეტანილი ცვლილებები არღვევდა ენერგეტიკული ქარტიით ნაკირს ვალდებულებებს, რითც გაზპრომის გაზსადენის დისკრიმინაცია ხდებოდა. 

ევროპულ სასამართლომდე იგივე გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ფედერალურმა ქსელურმა სააგენტომაც. 15 მაისს სააგენტომ არ დააკმაყოფილა გაზრომის მოთხოვნა - არ შეხებოდათ ევროკავშირის გაზის დირექტივების ნაწილი. უარის მიზეზად საააგენტოში განაცხადეს, რომ დირექტივებისგან მხოლოდ ის გაზსადენებია თავისუფალი, რომელთა მშენებლობაც 2019 წლის 23 მაისამდე დასრულდა და Nord Stream 2-ის შემთხვევაში ეს მოთხოვნა დარღვეულია.

სპეციალური საგაზო დირექტივები ევროკავშირმა 2009 წელს მიიღო, დოკუმენტის მიხედვით გაზსადენის მფლობელი კომპანია ვალდებულია განაცალკევოს გაზის მომწოდებელი კომპანია და ტრანსპორტირების ოპერატორი, ასევე გაზსადენის სიმძლავრეებზე უზრუნველყოს მესამე მხარის წვდომა და ტრანსპარენტული და დისკრიმინაციული მიდგომისგან თავისუფალი ტარიფები. 

დირექტივები ვრცელდება როგორც სახმელეთო, ასევე ზღვის ფსკერზე გამავალ გაზსადენებზეც. 

ამ დირექტივების შესასრულებლად გაზპრომმა გაზსადენის სიმძლავრის მხოლოდ 50% უნდა გამოიყენოს, ხოლო დანარჩენი სიმძლავრეები მესამე მხარეს უნდა გადასცეს. გაზპრომმა, ასევე, უნდა შექმნას დამოუკიდებელი საგაზო ტრანსპორტირების კომპანია. 

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაზპრომში არასამართლიანი უწოდეს და განაცხადეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის საგაზო დირექტივების დისკრიმინაციულ მიდგომებს ასახავს. 

კომპანიაში ამბობენ, რომ 2019 წლის 23 მაისისთვის გაზსადენის მშენებლობა ეკონომიკური ფუნციონირების თვალსაზრისით უკვე დასრულებული იყო. გაზპრომმა ამ დროისთვის პროექტში 1 მილიარდი ევროს აუნაზღაურებადი ინვესტიცია ჩადო. 

გაზსადენის პროექტი 2 ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და მისი საერთო სიგრძე 1,224 კილომეტრი იქნება. გაზსადენის სიმძლავრე, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მომარაგებას ითვალისწინებს, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია. 

გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შესულიყო, თუმცა ამას ხელი აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა შეუშალა. გასული წლის ბოლოს, აშშ-მა გაზსადენის მშენებლობის ოპერატორების სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, მთავარმა სამშენებლო კომპანიამ შვეიცარიულმა Allseas-სმა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა. 

დანიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, რომელშიც მუშაობა შეწყდა, რუსული გემი შევიდა, რომელსაც მშენებლობის პროცესი უნდა დაესრულებინა, თუმცა პროექტის სამუშაოები ამ დრომდე გაჩერებულია.

 

კომენტარები