ახალი კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: თუ ინფიცირებულსაც და ჯანმრთელებსაც უკეთიათ ნიღბები, თითქმის 95%-იანი დაცვაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე ნიღბების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

იმნაძე რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ ჯანმრთელ ადამიანს ნიღაბი არ სჭირდება და რომ ის მას კორონავირუსისგან ვერ დაიცავს. თუმცა,როგორც იმნაძე ამბობს, მას შემდეგ მრავალი კვლევა ჩატარდა, რომელმაც საპირისპირო დაამტკიცა.

"აღმოჩნდა, რომ თუ ავადმყოფს საზოგადოებაში ყოფნისას უკეთია ნიღაბი და მოგეხსენებათ, რომ ამ დაავადების ერთ-ერთი ვერაგი თვისებაა ის, რომ ადამიანს აქვს მინიმალური სიმპტომები, რასაც თვითონაც კი ვერ იხსენებს ხოლმე - როდესაც ასეთ ადამიანს გარეთ გამოსვლის დროს უკეთია ნიღაბი ეს 70%-ზე მეტ გარანტიას იძლევა იმაზე, რომ ამ ინფექციას ვერ გაავრცელებს.

კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ამავე დროს ჯანმრთელსაც უკეთია ნიღაბი, მაშინ ეს თითქმის 95%-მდე დაცვაა.

ანუ თუ თვითონ ჯანმრთელებსაც გვიკეთია ნიღაბი, ეს დაახლოებით 30%-ით ამცირებს ჩვენი დაინფიცირების რიცხვს. თუ ნიღაბი უკეთია ავადმყოფს - 70%-ით ამცირებს სხვების დაინფიცირების რიცხვს. თუ ორივეს უკეთია - თითქმის 95%-ით ამცირებს დაინფიცირების რისკს", - თქვა იმნაძემ.

მან მოქალაქეებს ნიღბის სწორად გამოყენებისკენაც მოუწოდა. კერძოდ, მისი თქმით, არ შეიძლება, ნიღაბს გარედან მოვკიდოთ ხელი, ასევე, არ უნდა ჩამოვიწიოთ ცხვირამდე ან ნიკაპამდე. ასევე, ის 3-4 საათში უნდა შევცვალოთ და გადავაგდოთ ან, თუ მრავალჯერადია, გავრეცხოთ. ქუჩაში ნიღბის გამოყენება საჭირო არ არის, მხოლოდ დახურულ სივრცეებში.

კომენტარები