საგამოძიებო: სამეგრელოსა და იმერეთში 46 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი ამოვიღეთ

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელოსა და იმერეთში სარეალიზაციოდ გამზადებული 46 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. 

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მიუხედავად ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეებისა და საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვებისა, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.                 

აღნიშნულ პერიოდში, სამსახურის თანამშრომლებმა  ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის 25  ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 10 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად", - წერია განცხადებაში. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 191 000 ლარს აღემატება. 

გამოძიება მე-200 მუხლის პირველი , მეორე და მესამე ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები