აშშ-უკრაინა

ზელენსკიმ თქვა, რომ ბაიდენის და პოროშენკოს სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე გამოძიება დაიწყება

0 კომენტარი
ვოლოდიმირ ზელენსკი / ჯო ბაიდენი / პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ამჟამად დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის გავრცელების შემდეგ გამოძიება დაიწყება.

მან თქვა, რომ ზარის შინაარსი შესაძლოა ქვეყნის ღალატის ნიშნებს შეიცავდეს.

პოროშენკომ თქვა, რომ ჩანაწერი გაყალბებულია და, შესაძლოა, მის გავრცელებაში ზელენსკის ადმინისტრაცია მონაწილეობდა.

"კრემლის მეხუთე კოლონამ უკრაინის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. ისინი ცდილობენ უკრაინა აშშ-ის საარჩევნო პროცესში გარიონ და ამით საფუძველი შეურყიონ ორპარტიულ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ", - თქვა მან.

პოროშენკოს ადვოკატის ილია ნოვიკოვის თქმით სატელეფონო საუბარი ქვეყნის ღალატის ნიშნებს არ შეიცავს და მსგავსი მოლაპარაკებები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, მათ შორის გასულ წელსაც, როდესაც პრეზიდენტის პროსტს უკვე თავად ზელენსკი იკავებდა.

ჩანაწერი ტრამპის პირად ადვოკატთან, რუდი ჯულიანისთან დაკავშირებულმა პირმა ანდრეი დერკაჩმა გაავრცელა და თქვა, რომ ჟურნალისტისგან მიიღო. დერკაჩი პრო-რუსული პარტიის ყოფილი დეპუტატია. დერკაჩი ჯულიანის გასულ წელს კიევში შეხვდა, როდესაც ტრამპის პირადი ადვოკატი იმპიჩმენტის პროცესისათვის სამხილებს აგროვებდა.

ბაიდენის სპიკერის თქმით ჩანაწერი შეცვლილია, თუმცა მნიშვნელოვანს არაფერს შეიცავს.

ჩანაწერში ბაიდენი უკრაინისათვის 1 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების გადაცემას ყოფილი გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის დათხოვნას უკავშირებს. მეორე ჩანაწერში კი პოროშენკო და ბაიდენი მისი შემცვლელის, იური ლუცენკოს დანიშვნას განიხილავენ.

საუბრის ერთ-ერთ ფრაგმენტში ბაიდენი ამბობს, რომ ახლა, როდესაც ახალი გენერალური პროკურორი დაინიშნა, აშშ მზადაა უკრაინას 1 მილიარდი აშშ დოლარი გადასცეს.

ტრამპი და მისი მოკავშირეები უკრაინის გენერალური პროკურორის დათხოვნას უკრაინული კომპანია Burisma წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას უკავშირებენ, სადაც ბაიდენი ვაჟი ჰანტერ ბაიდენი მუშაობდა. ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა ამ საქმეზე გამოძიება დაეწყო. სწორედ ტრამპის და ზელენსკის საუბრის გავრცელების შემდეგ დაიწყო ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი აშშ-ის არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევის საკითხზე, რადგან სატელეფონო საუბარში ტრამპმა გამოძიების დაწყება აშშ-საგან უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მიღებას დაუკავშირა.

ბაიდენისა და პოროშენკოს საუბრის ჩანაწერებში Burisma ნახსენები არ არის.

ბაიდენი, Burisma და შოკინის გათავისუფლება

ჯო ბაიდენის 49 წლის ვაჟი ჰანტერი იურისტი და ლობისტია. 2014-2019 წლებში ის უკრაინული ბუნებრივი აირის კომპაია Burisma-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

იმ პერიოდში, როდესაც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიკტორ შოკინმა კომპანიის და მისი დამფუძნებლის, მიკოლა ზლოჩევსკის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა 2016 წელს ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მის გათავისუფლებას ხელი ჯო ბაიდენმაც შეუწყო და ეს საჯაროდან განუცხადებია. ბაიდენს მიაჩნდა, რომ შოკინი საკმარისს არ აკეთებდა კორუფციასთან საბრძოლველად. 

მიუხედავად იმისა, რომ მის გათავისუფლებას მხარს სხვა დასავლური ქვეყნები და საერთაშორისო სავალუტო ფონდიც უჭერდნენ, ტრამპის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ბაიდენმა ეს მისი შვილის დასაცავად გააკეთა.

ბაიდენმა ისიც თქვა, რომ უკრაინას ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების შეჩერებით დაემუქრა, თუ შოკინს, რომელიც იმ პერიოდში ბურისმას საქმეს იძიებდა, თანამდებობიდან არ გაათავისუფლებდნენ.

“მე ვთქვი, თქვენ ვერ მიიღებთ მილიარდს. მე აქაურობას დავტოვებ დაახლოებით 6 საათში. შევხედე მათ და ვთქვი “მე მივდივარ 6 საათში. თუ პროკურორი გათავისუფლებული არ იქნება, თქვენ ფულს ვერ მიიღებთ.” ის გაათავისუფლეს.” ასე იხსენებს ბაიდენი საკუთარ როლს შოკინის გადაყენების საქმეში.

მიმდინარე წლის მაისში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ ჯო და ჰანტერ ბაიდენების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ბურისმას საქმიანობაზე გამოძიება კვლავ გრძელდება და გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ წარსულ საქმეებსაც გადახედავს, თუმცა მას მიაჩნია, რომ ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი არ არსებობს და შესაძლო კორუფცია, რომელსაც მაჟამად იძიებენ კომპანიაში ჰანტერ ბაიდენის მისვლამდე მოხდა. პროკურორის ოფისში ამბობენ, რომ ძველი საქმეების გადახედვის მიზეზი წინა მთავრობის დროს ზლოჩევსკის მინისტრის პოსტზე ყოფნაა, რის გამოც, შესაძლოა, გამოძიება სათანადოდ არ წარიმართა.

ტრამპის იმპიჩმენტი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება ოფიციალურად 24 სექტებერს გამოაცხადა.

გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით. 

სკანდალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულ მედიაში გავრცელდა და მალევე ტრამპმა თავად გამოაქვეყნა საუბრის ტრანსკრიპტი. როგორც ტრანსკიპტიდან ირკვევა, ის ზელენსკის აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. ტრამპი ირწმუნება, რომ ამაში უკანონო არაფერი ყოფილა.

თუმცა, ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაწერა ანონიმური მხილება, რომელშიც ის სწორედ ამ სატელეფონო საუბარზე და თეთრი სახლის თანამშრომლების მიერ მისი დამალვის მცდელობაზე საუბრობს.

მიუხედავად ტრამპის მხრიდან კატეგორიული უარყოფისა, ფაქტი, რომ მან საუბრამდე მცირე ხნით ადრე უკრაინისათვის სამხედრო დამხარების შეჩერება ითხოვა, ხოლო ზელენსკის მიერ ამ თემის წამოწევის შემდეგ საუბარი ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიებაზე გადაიტანა, ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილს შანტაჟის მტკიცებულებად მიაჩნდათ.

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა.

24 სექტემბერს, ტრამპმა აღიარა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა თხოვნით, გამოძიებინათ ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობა. ტრამპის თქმით, თხოვნას იძულების ან გავლენის მოხდენის შინაარსი არ ჰქონია. 

ტრამპმა, ასევე აღიარა, რომ თითქმის ორი თვით შეაკავა უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის დახმარების გაცემა. თუმცა, ტრამპის თქმით, ამას ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიების მოთხოვნასთან არაფერი აქვს საერთო. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, დახმარების გაწელვის მიზანი იყო, უკრაინას ის ევროპული სახელმწიფოებიც დახმარებოდნენ, რომლებიც უკრაინას სათანადოდ არ უჭერენ მხარს.

გამოძიების ფონზე კი ტრამპმა საუბრის ტრანსკრიპტის გამოქვეყნება გადაწყვიტა და თქვა, რომ ეს მის მიმართ წამოყენებულ ბრალდებებს გააქარწყლებდა, თუმცა საუბარში არაერთი საეჭვო დეტალი აღმოჩნდა.

ტრანსკრიპტიდან არ ჩანს ის, რომ ტრამპი ზელენსკის გარიგებას სთავაზობს, თუმცა, სანამ ბაიდენის შვილის მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს, ეუბნება, რომ აშშ უკრაინას "ძალიან, ძალიან კარგად" ექცეოდა. 

"როდესაც ანგელა მერკელს შევხვდი, ის საუბრობს უკრაინაზე, თუმცა ის არაფერს აკეთებს. ბევრი ევროპული ქვეყანა იქცევა ასე, მაგრამ შეერთებული შტატები უკრაინას ძალიან, ძალიან კარგად იქცეოდა. ვერ ვიტყოდი რომ ეს აუცილებლად ორმხრივია, იმიტომ რომ რაღაცეები ხდება რაც უკრაინისთვის კარგი არაა, თუმცა აშშ ძალიან ძალიან კარგად ექცეოდა უკრაინას," - ეუბნება ტრამპი ზელენსკის. 

უკრაინის პრეზიდენტი ტრამპს დაეთანხმა და მას უთხრა, რომ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციებით აშშ უკრაინისთვის "ბევრად დიდი პარტნიორია", ვიდრე ევროპული ქვეყნები. ზელენსკივემ დაამატა, რომ ის შეერთებული შტატებისგან მეტი ჯაველინების შეძენას გეგმავს. 

რის პასუხადაც ტრამპი ზელენსკის ეუბნება: 

"გვინდა, რომ რაღაც გთხოვოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრ სირთულეს აწყდება ახლა და უკრაინამ ეს ყველაფერი კარგად იცის...

ბევრს საუბრობენ ბაიდენის შვილზე, რომ ბაიდენმა საქმე შეაჩერა და ბევრ ადამიანს სურს გაიგოს, რა მოხდა, ასე რომ, რის გაკეთებასაც შეძლებ მთავარ პროკურორთან ერთად, ძალიან კარგი იქნება. ბაიდენი ტრაბახობდა აქეთ-იქით, რომ მან გამოძიება შეაჩერა, ასე რომ, თუ შეგიძლია, გადახედო... ეს ჩემთვის საშინლად ჟღერს". 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი 18 დეკემბერს გამოუცხადა. პირველი ბრალდების საფუძველზე იმპიჩმენტს მხარი 230-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 197. მეორე ბრალდების საფუძველზე იმპიჩმენტის მომხრე იყო 229 კონგრესმენი, წინააღმდეგი 198. იმპიჩმენტის მხარდამჭერებს შორის იყო თითქმის ყველა დემოკრატი კანონმდებელი, ხოლო რესპუბლიკელემბა მას მხარი არ დაუჭირეს.

6 თებერვალს კი სენატორებმა ტრამპი საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში წაყენებულ ორივე მუხლში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისათვის ხელის შეშლაში უდანაშაულოდ ცნეს.

მათ პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები