ტურიზმი

თურნავა: ჩვენი უპირატესობაა, რომ ტურისტებს უსაფრთხოდ მოვემსახურებით

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორის ამოქმედებასა და უცხოელი ტურისტების შემოსვლაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის კუთხით ინტერესი "ძალიან დიდია" და მას ყოველდღიურად აქვს კონტაქტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან:

"მერწმუნეთ, ძალიან დიდი ინტერესია, გუშინაც გვქონდა შეხვედრა უნგრეთის ელჩთან. პრაქტიკულად ყოველდღიურად მაქვს სატელეფონო ზარები და ონლაინ შეხვედრები ჩემს კოლეგებთან - ტურიზმის, ტრანსპორტის თუ ეკონომიკის მინისტრებთან - როგორც ევროპული სახელმწიფოებიდან, ასევე ზოგადად ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

თურნავას განცხადებით, საქართველოს უპირატესობა ტურიზმის თვალსაზრისით ის იქნება, რომ ქვეყანა შეძლებს, ტურისტებს უსაფრთხოდ მოემსახუროს.

"ის ფაქტი, რომ ჩვენ ტურისტებს უსაფრთხოდ მოვემსახურებით, ჩვენი უპირატესობაა, რადგან დღესდღეობით ტურისტი უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული და არამხოლოდ საინტერესო, არამედ სრულიად უსაფრთხო გარემო დახვდეს. ჩვენ ამაზე ჩვენს მედიკოსებთან ერთად ვმუშაობთ", - განაცხადა მან.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი განამტკიცოს:

"აქ ჩამოსვლა ისეთივე უსაფრთხო იქნება, როგორც აქამდე უსაფრთხოდ ვუძღვებოდით ჩვენ ამ სიტუაციას.

საქართველო ძალიან უსაფრთხოა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იმიჯი კიდევ უფრო განვამტკიცოთ და სრულიად მსოფლიოს გავაცნოთ - საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი".

საქართველო ადგილობრივი ტურიზმისთვის 15 ივნისიდან, ხოლო საერთაშორისო ტურისტებისთვის 1 ივლისიდან გაიხსნება.

 

 

კომენტარები