შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი

კობახიძის სპონტანური ინიციატივა: ახალი შეზღუდვები დროებითი იყოს, 15 ივლისამდე

პარლამენტი

პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე, როგორც თვითონ განმარტავს, სპონტანური იდეით გამოდის. კობახიძის თქმით, ახალი შეზღუდვები, რომლებიც შეზღუდვების შესახებ კანონპროექტის ფარგლებში დგინდება, დროებითი იქნება, პირობითად - 15 ივლისამდე.

ირაკლი კობახიძის თქმით, მისი ეს "სპონტანური იდეა" პარლამენტმა დღესვე უნდა განიხილოს.

"იდეის დონეზე მინდა შემოვიტანო ასეთი ინიციატივა, მეორე მოსმენამდე, დღესვე რომ განვიხილოთ ასეთი რამ, რომ ის შეზღუდვები, რომლებიც დგინდება ამ ახალი კანონით, გაიწეროს გარდამავალ დებულებებში, მაგალითად, პირობითად რომ ავიღოთ 15 ივლისამდე ვადა.

15 ივლისამდე, იმედია, იქნება რადიკალურად განსხვავებული ვითარება იქნება პანდემიის კუთხითაც. მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და ამის შემდეგ უკვე ეს გარდამავალი დებულებები, ბუნებრივია, დაკარგავს თავის აქტუალობას, ესაა სპონტანური იდეა და გთავაზობთ, რომ დღესვე ეს იდეა განვიხილოთ", - ამბობს კობახიძე.

საუბარია კანონპროექტზე, რომელსაც პარლამენტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს. ეს კანონპროექტი მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები დააწესოს. მმართველი გუნდი კანონპროექტის მიღების მიზეზად ახალ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ასახელებს.

ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ამასთან, ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს და რომ გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია.

კომენტარები