შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი

კობახიძე კანონის ახლებურ დათქმაზე: ოპოზიციის კრიტიკას არ ჰქონდა ობიექტური საფუძველი

პარლამენტი

"ოპოზიციის კრიტიკას არ ჰქონდა რეალური ობიექტური საფუძველი", - ამბობს ირაკლი კობახიძე მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები დააწესოს.

კობახიძის განმარტებით, ამ კანონს დროებით დატვირთვა აქვს. მისივე თქმით, მმართველი გუდნის პოზიციის შეცვლა და ახალი ნორმების გარდამავალ დებულებებში ჩაწერა არ უკავშირდება ოპოზიციის კრიტიკას, - "ოპოზიციის კრიტიკას არ ჰქონდა არანაირი საფუძველი და შესაბამისად უსაფუძვლო კრიტიკის საფუძველზე ჩვენ ვერ ვიმოქმედებდით და ამაზე ვერ ავაგებდით ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს. ამას მოითხოვდა ის მოცემულობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული. ისედაც ამ რეალობაში გვჭირდება ამ ნორმების მოქმედება. მაგალითად, ივლისის თვეში, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება, შეგვეძლება საგანგებო მდგომარეობის აღდგენა", - თქვა კობახიძემ.

80 მომხრე, 3 - წინააღმდეგი - ასე დასრულდა პარლემენტის პლენარულ სესიაზე აღნიშნული კანონპროექტის კენჭისყრა. კენჭისყრის წინ ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, ის ნორმები, რაზეც პარლამენტმა დღეს იმსჯელა, გარდამავალ დებულებებში დროებით ნორმებად ჩაიწეროს.

მთელი დღის განმავლობაში გარდამავალ დებულებებზე საუბარი არ ყოფილა. რამდენიმე წუთით ადრე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ არსებულ ვითარებაში მხოლოდ სამი ვარიანტი არსებობს: საგანგებო მდგომარეობის დატოვება, ვირუსის მიშვება ან ამ კანონის მიღება. მან ოპოზიციას ამ სამიდან ერთის ამოსარჩევად ხვალამდე ვადაც კი მისცა.

საბარია კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მიზეზად კი ახალ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ასახელებს.

ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ამასთან, ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს და რომ გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია.

კომენტარები