კანონპროექტი შეზღუდვებზე

აბესაძე შეზღუდვებზე კანონზე: მოქმედების ვადის დაწესების მიუხედავად, არაკონსტიტუციურია

ირაკლი აბესაძე
ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საგანგებოს გამოცხადების გარეშე, შეზღუდვების დაწესების საშუალებას იძლევა, მოქმედების ვადის დაწესების მიუხედავად, არაკონსტიტუციურია.

"კანონი მთავრობას ანიჭებს უფლებას, ტოტალურად შეზღუდოს ადამიანის უფლებები, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია საგანგებო მდგომარეობის გარდა და რომლის შეზღუდვაშიც გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პარლამენტი", - ამბობს აბესაძე.

აბესაძის თქმით, მთავრობამ თავადაც იცის, რომ კანონი არაკონსტიტუციურია და მოქმედების ვადის დაწესებით ცდილობს მისი მავნე ნაწილის გადაფარვას.

"რა მიზანი შეიძლება ამოქმედებდეთ მათ - რა თქმა უნდა, საზოგადოების ნაწილის ლეგიტიმურ შიშზე კიდევ უფრო მეტი ზემოქმედება, რომელიც მათი ჯანმრთელობის დაცვას უკავშირდება, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის პირობებში. უბრალოდ, საქართველოს მთავრობას სურს გადაჭარბებული უფლებამოსილების მიღება და თვითნებურად, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ ადამიანების ცხოვრების შესაზღუდად," - ამბობს აბესაძე.

კანონპროექტი, რომელიც მთავრობას უფლებას მისცემს, შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

კენჭისყრის წინ ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, ის ნორმები, რაზეც პარლამენტმა იმსჯელა, გარდამავალ დებულებებში დროებით ნორმებად ჩაიწეროს.

ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ამასთან, ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს.

საქართველოში 21 მარტიდან დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. 23 მაისიდან ის მოიხსნება, კომენდანტის საათთან ერთად. მთავრობაში ამბობენ, რომ საგანგებოს მოხსნის შემდეგ, ქვეყანაში კონკრეტული შეზღუდვების ამოქმედება მაინც საჭირო იქნება. 

კომენტარები