ხუნდაძის კანონპროექტი

მდინარაძე: დღეს მივიღებთ კანონს, ეს საშუალებას მოგვცემს მინიმალური შეზღუდვები დავტოვოთ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"ჩვენ ამ ბრძოლასაც წარმატებით გავართმევთ თავს და მივიღებთ კანონს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავტოვოთ მინიმალური შეზღუდვები იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს", - ამბობს ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი მამუკა მდინარაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, უფლებრივი შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს, საპარლამენტო კონტროლის გარეშე.

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა გუშინ, 21 მაისს, დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

"გუშინ ჩვენ ვნახეთ საქართველოს პარლამენტში სპეკულაციებით სავსე გამოსვლები, როდესაც მთავარი იარაღი კოვიდინფექციასთან ბრძოლაში არის გარკვეული რეგულაციები და შეზღუდვები და ვიღაც გეუბნება, რომ არანაირი მცირე კალიბრის იარაღიც კი არ უნდა დარჩეს მთავრობას და ხელისუფლებას ამ პრობლემასთან ბრძოლაში. ეს მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმია.

მაპატიოს ყველამ, გამორიცხულია სხვანაირი შეფასება. რომ ამბობ, იარაღი არ უნდა გქონდეთ და ისე ებრძოლო პრობლემას, ეს არ არის პასუხისმგებლიანი მიდგომა. შეიძლება ვიღაცას უნდა, რომ პრობლემამ გაიმარჯვოს და პოლიტიკურად ამით ვიღაცამ ისარგებლოს, მაგრამ ეს არ უნდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეს", - ამბობს მდინარაძე.

ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ამასთან, ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს და რომ გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია.

საქართველოში 21 მარტიდან დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. 23 მაისიდან ის მოიხსნება, კომენდანტის საათთან ერთად. მთავრობაში ამბობენ, რომ საგანგებოს მოხსნის შემდეგ, ქვეყანაში კონკრეტული შეზღუდვების ამოქმედება მაინც საჭირო იქნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები