ორშაბათიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება

გლდანის ციხე
facebook.com/moc.gov.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ცნობით, საგანგებო მდგომრეობის დასრულებასთან ერთად, ორშაბათიდან, 25 მაისიდან, პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება.

"მნიშვნელოვანია მსჯარდებულების კონტაქტი ოჯახთან და გარესამყაროსთან მალე აღდგეს", - ამბობს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ხანმოკლე პაემნების დროს მსჯავრდებულსა და მის ოჯახის წევრს შორის მინის ბარიერი იქნება. სტუმარი ვალდებული იქნება დაემორჩილოს პენიტენცურ დაწესებულებებში მოქმედ სანიტარულ ზომებს.

ასევე, 20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ყველა სახის ამანათების შეგზავნა განახლდება, მათ შორის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, საკვები პროდუქტების და ა.შ. ამ გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო პენიტენციურ სისტემაში მოქმედი შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 5 მარტიდან, პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. ამ პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, აკრძალული იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების და საფოსტო გზავნილების [გარდა წერილებისა] შეგზავნა.

კომენტარები