სასამართლო სისტემა

დეპუტატ მათიკაშვილის ცოლი, ნინო მამულაშვილი საქალაქოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა

ქართული ოცნების წევრის, დეპუტატ დავით მათიკაშვილის ცოლი, ნინო მამულაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 22 მაისს მიიღო.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მამულაშვილი მოსამართლედ მხოლოდ მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი ქმარი პარლამენტის წევრი გახდა. ეს, ჯანეზაშვილის შეფასებით, მათიკაშვილის ე.წ. კლანთან კავშირზე ეჭვებს ამძაფრებს.

"2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მას შემდეგ, რაც დავით მათიკაშვილი გახდა მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, რამდენიმე თვეში ნინო მამულაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა მოიპოვა და მეოთხე მცდელობის შემდეგ გახდა მოსამართლე. ცხადია ეს გარემოება აჩენს კითხვას, რატომ დაინიშნა ნინო მამულაშვილი მოსამართლის თანამდებობაზე რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ, მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი მეუღლე გახდა საქართაველოს პარლამენტის წევრი და ამძაფრებს ეჭვებს დავით მათიკაშვილის კავშირზე სასამართლოს ე.წ. "კლანთან".

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა დანიშვნის თვალსაზრისით დიდი ხანია კრიტიკის და განხილვის საგანია. ცხადია ასეთი შემთხვევები არსებულ ეჭვებს საბჭოს გადაწყვეტილებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კიდევ უფრო ამძაფრებს. სასამართლოს დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რომელიც დღეისათვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს სისტემაში არსებული ნაკლოვანებების, გალავნიანი ჯგუფის და პოლიტიკური აფილაციების გამო. სასამართლოს დამოუკიდებლობა ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობით იწყება. თუ არ არის ინდივიდუალური მოსამართლე დამოუკიდებელი, კომპეტენტური და ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე, ის ვერასოდეს იქნება მთლიანად სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტი", - ამბობს ჯანეზაშვილი.

ნინო მამულაშვილი საქალაქო სასამართლოში 2017 წლიდან 3 წლით არის განწესებული. ის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წევრია.

სამუშაო გამოცდილება:

მამულაშვილმა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 2008 წელს ჩააბარა

2002-2005 წლებში მუშაობდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წამყვან სპეციალისტად.

2009-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ, ასევე იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე.

2011-2012 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას(შპს. საადვოკატო ბიურო „კაუზა“ დირექტორი, შპს. საადვოკატო ბიურო „ჭკადუა, მამულაშვილი პარტნიორები“ დირექტორი).

2013-2017 წლებში _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი.

2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

კომენტარები