8 მარტის შეთანხმება

წულუკიანი: ხელს ვდებ ყველა სიწმინდეზე, 8 მარტის შეთანხმებაში გათავისუფლებაზე საუბარი არ იყო

0 კომენტარი
ფოტო: იმედი

"ხელს ვდებ ყველა იმ სიწმინდეზე, რაც საქართველოში არის, არ ყოფილა", - იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრების, გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა. 

"ეს არის ტყუილი, შევწყვიტოთ იმ მომლაპარაკებლების ბულინგი, რომ ისინი თითქოს რაღაცაზე შეუთანხმდნენ ვიღაცას. ვგულისხმობ ბატონ არჩილს და ბატონ ირაკლის. ალბათ იყო საუბარი იმაზე, თუ ვის რა სურს და რაკი შემდეგ შეთანხმებაში ეს ნაწილი არ იყო, მიუხედავად ამისა, მაინც გაგრძელდება მოთხოვნა, რომ დეპოლარიზაციისთვის უკეთესია ქვეყნისთვის, რომ გარეთ გამოვიდნენ", - ამბობს თეა წულუკიანი რუსთავი ორის ეთერში. 

მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებაზე "სრულიად უსამართლო" იყო.  

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პოლიტპატიმრები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შემდეგ, 15 მაისს შეიწყალა. ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებასა და კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ელიან. 18 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიენა და ის პატიმრობაში დატოვა.

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება - პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გამოშვება და არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა 120/30-ზე პრინციპით. თუმცა, ქართული ოცნება შეთანხმების იმ ნაწილს, რაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს, საჯაროდ არ აღიარებს, მეტიც - უარყოფს.

იმას, რომ შეთანხმება 2 ნაწილისგან შედგება, ადასტურებს დასავლელი პარტნიორებისა და პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებებიც.

"შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს," - წერენ ფასილიტატორი ელჩები საერთო განცხადებაში.

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯონ რიშმა განაცხადა, რომ "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით". პოლიტიკური პატიმრების მყისიერად გათავისუფლების აუცილებლობაზე რიში 10 მარტსაც საუბრობდა.

გერმანელი ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი (CDU/EPP), მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და წერს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელიან.

ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები დასაწყისშივე იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები