8 ივნისიდან ბრიტანეთში ჩასულ თითქმის ყველა პირს 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს

8 ივნისიდან ბრიტანეთში საზღვარგარეთიდან ჩასულ თითქმის ყველა პირს 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს. ამის შესახებ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა განაცხადა.

კარანტინის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 1 218 აშშ დოლარია.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, გარკვეული გამონაკლისები იქნება სამედიცინო პერსონალზე, ტვირთის გადამზიდავებზე, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებსა და ირლანდიიდან ჩასულებზე.

მიღებულ ზომას 3 კვირაში გადახედავენ.

მინისტრის განცხადებით, პიკის გადავლის შემდეგ, ბრიტანეთმა იმპორტირებული შემთხვევების შესაკავებლად ნაბიჯები უნდა გადადგას.

11 მაისს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა წარმოადგინა.

მან მოსახლეობას მოუწოდა დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, თუ სახლიდან მუშაობას ვერ ახერხებენ.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსი სულ 254 195 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა - 36 393.

კომენტარები