რემდისივირი

კვლევა: რემდისივირი COVID 19-ისგან გამოჯანმრთელებას აჩქარებს, თუმცა სამკურნალოდ არ კმარა

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პრეპარატი რემდისივირი ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების დროს ამცირებს, თუმცა მკურნალობისთვის მხოლოდ მისი მოქმედება საკმარისი არაა.

ათ ქვეყანაში 1000-ზე მეტ პაციენტზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 10 დღის განმავლობაში რემდისივირის ყოველდღიურად გამოყენება ჰოსპიტალიზებული პაციენტების გამოჯანმრთელების დროს აჩქარებს პლაცებოსთან შედარებით.

თუმცა, როგორც კვლევაშია აღნიშნული, რემდისივირის გამოყენების მიუხედავად აღრიცხული მაღალი სიკვდილიანობა ცხადყოფს, რომ მხოლოდ ანტი-ვირუსული პრეპარატის გამოყენება არ კმარა.

იმ პაციენტებიდან, ვინც ცდაში მონაწილეობდა, რემდისივირის გამოყენების მიუხედავად, 7.1% გარდაიცვალა, პლაცებოს ჯგუფიდან კი - 11.9%. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი სტატისტიკური სანდოობის ზღვარის დაბლაა.

როგორც აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში აცხადებენ, "რემდისივირი ყველაზე მეტად სასარგებლოა მძიმედ დაავადებული ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის, ვისაც დამატებითი ჟანგბადი ესაჭიროება".

რემდისივირის დადებით შედეგებზე კორონავირუსის წინააღმდეგ აპრილის ბოლოს საუბრობდა აშშ-ის ალერგიური და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩიც, რომელიც ამბობდა, რომ პრეპარატს შესამჩნევი პოზიტიური ეფექტი ჰქონდა გამოჯანმრთელების დროის შემცირებაში.

აშშ-მა ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ საავადმყოფოებში რემდისივირის გამოყენება პირველი მაისიდან დაუშვა, მას შემდეგ იაპონიაც მიჰყვა.

12 მაისს პრეპარატის მწარმოებელმა კომპანია Gilead-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც რემდისივირს საქართველოსაც მიაწვდის.
 

კომენტარები