კორონავირუსი ბრაზილიაში

ბრაზილიამ Covid 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთსაც გაუსწრო და მსოფლიოში მეორე ადგილზეა

0 კომენტარი
ფოტო: Tom Wolf

ბრაზილიამ Covid 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთსაც გაუსწრო და მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ქვეყანას 339 687 ინფიცირებული და 21 579 დაღუპული ჰყავს.

ვირუსით ყველაზე მეტად ბრაზილიის ყველაზე დიდი ქალაქი სან-პაულუ დაზარალდა. 20 მაისს ქალაქში 5-დღიანი დასვენება გამოაცხადეს, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ. სან-პაულუს მერმა თქვა, რომ დაავადებულთა რაოდენობის ზრდის გამო ჯანდაცვის სისტემა 2 კვირაში ჩამოიშლება. მისი თქმით საავადმყოფოებმა შესაძლებლობის 90%-ს მიაღწიეს და მალე პაციენტების მისაღებად ადგილი აღარ ექნებათ.

ქალაქის ხელმძღვანელობას კარანტინის ზომების გამკაცრება სურს, პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო კი წინააღმდეგია და ადგილობრივ მთავრობებს მოუწოდებს, შეამსუბუქონ ზომები და გახსნან ეკონომიკა.

გასულ კვირას ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი ნელსონ თაიჩი პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროსთან კორონავირუსის საკითხზე უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა. ის მინისტრის პოსტს თვეზე ნაკლები იკავებდა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი აზრთა სხვადასხვაობის გამო ბოლსონარომ დაითხოვა.

ჯანდაცვის მინისტრი პრეზიდენტს კორონავირუსის სამკურნალოდ მალარიის პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქვინის, იგივე პლაქვენილის ფართოდ გამოყენების საკითხზე არ ეთანხმებოდა.

მათი შეხედულებები განსხვავდებოდა ეკონომიკის გახსნის საკითხზეც. გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ პრეზიდენტმა სპორტული დარბაზების, სილამაზის სალონები და ბიზნესების გახსნის ბრძანება მასთან კონსულტაციის გარეშე გასცა.

ბოლსონარო კვლავ მხარს უჭერს პლაქვენილის გამოყენებას:

"რა არის დემოკრატია? თუ არ გსურთ, ნუ მიიღებთ. არავინ გაძალებთ ქლოროქვინის მიღებას. ვინც სწორ მხარესაა მიიღებს მას, ვინც არა Tubaína (ბრაილიაში პოპულარული გამაგრილებელი სასმელი) დალიოს", - თქვა მან.

ამჟამად ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დროებით ედუარდო პაზუელო, არმიის მოქმედი გენერალი იკავებს. მან რჩევები გამოსცა, რომელშიც კორონავირუსის წინააღმდეგ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებაც შედის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები