თვითიზოლაცია

მთავრობის დადგენილება: იზოლაციაში მყოფებმა თამბაქოსა და ალკოჰოლისგან თავი უნდა შეიკავონ

საქართველოს მთავრობამ 23 მაისის დადგენილებით დაამტკიცა იზოლაციისა და კარანტინის წესები.

როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, იზოლაციაში მყოფ ადამიანებს მოეთხოვებათ თამბაქოსა და ალკოჰოლისაგან თავის შეკავება, ფსიქოაქტიური საშუალებების გამოყენება კი ექიმის დანიშნულების გარეშე ეკრძალებათ.

"იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ეკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება", - ვკითხულობთ დადგენილების მე-12 მუხლის მე-8 პუნქტში.

დადგენილების თანახმად, იზოლაციაში მყოფებს მინიმუმამდე აქვთ შეზღუდული სხვებთან კონტაქტი. კერძოდ, "დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით".

იზოლაციისას აუცილებელია სარგებლობა განცალკევებული ჭურჭლით, პირსახოცით და საწოლით.

იზოლირებულ ადამიანებს ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახური გაუწევს ზედამხედველობას.

კომენტარები