ვენესუელა-ირანი

ვენესუელაში საწვავით დატვირთული პირველი ირანული ტანკერი ჩავიდა

dw

ვენესუელაში საწვავით დატვირთული პირველი ირანული ტანკერი ჩავიდა. ირანიდან სულ 5 მსგავსი ტანკერი გაგზავნეს. ვენესუელამ აშშ გააფრთხილა, რომ ტანკერების დასაცავად ფლოტს გაგზავნიდა. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი თქვა, რომ თუ აშშ ხელის შეშლას შეეცდებოდა, პასუხს გასცემდნენ.

"თუ კარიბის ზღვაში ან სხვაგან ამერიკელები ჩვენს ტანკერებს ხელს შეუშლიან, აშშ საფრთხის წინაშე იქნება", - თქვა როუჯანიმ.

"ირანი და ვენესუელა ყოველთვის უჭერდნენ ერთმანეთს მხარს რთულ პერიოდში. დღეს საწვავით დატვირთული პირველი ტანკერი ჩამოვიდა ჩვენი ხალხისათვის", - თქვა ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვენესუელა ნავთობის მარაგის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, თუმცა, აშშ-ის სანქციების და ეკონომიკური კრიზისის გამო, ნავთობის მოპოვება თითქმის სრულად არის შეჩერებული და ქვეყანაში საწვავის დეფიციტია. ოპოზიცია ამაში მთავრობას ადანაშაულებს. მათი თქმით, მადუროს რეჟიმის კორუფციამ და ცუდმა მენეჯმენტმა ქვეყანა იმ დონემდე მიიყვანა, რომ მათ ნავთობის სხვებისგან ყიდვა უწევთ.

ექსპერტების მოსაზრებით ირანის მიერ მიწოდებული ნავთობი ვენესუელას 2-დან 3 კვირამდე ეყოფა.

აშშ-ს სანქციები აქვს დაწესებული როგორც ვენესუელას, ასევე ირანისათვის. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ ტანკერების გაგზავნის საპასუხოდ ზომების მიღებას განიხილავენ, თუმცა კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში, არ განუმარტავთ.

გასული თვის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვენესუელის მახლობლად აშშ საზღვაო ფლოტის ხომალდებს გზავნის, რათა უზრუნველყოს, რომ ნარკოკარტელებმა და კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა, როგორიც ნიკოლას მადუროა, არ ისარგებლონ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციით და აშშ-ში მეტი ნარკოტიკი არ შეიტანონ.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამის გამო რეგიონში აშშ-ის სამხედრო რესურსებს გააორმაგებს, მათ შორის გამანადგურებელ და სათვალთვალო თვითმფრინავებს და სამხედრო პერსონალს.

მიმდინარე წლის მარტში რუსულმა სახელმწიფო ნავთობის კომპანიამ, როსნეფტმა, ვენესუელაში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვენესუელაში არსებული აქტივები იყიდა კომპანიამ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის სახელმწიფოა, თუმცა კონკრეტულად რა კომპანიაზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია. მოვლენებს წინ უძღოდა აშშ-ის მხრიდან როსნეფტის ორი შვილობილი კომპანიისთვის სანქციების დაწესება

სანქციების მიზეზი კი ვენესუელური ნავთობის ვაჭრობა იყო, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ კომპანიების საკუთრება დაბლოკა და საქმიანობის შეწყვეტის ბოლო ვადად მიმდინარე წლის 20 მაისი დაუსახა. 

კომენტარები