ნიკოლოზ ბასილაშვილი

პროკურორი: ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაზე შემაკავებელი ორდერი გაიცა

ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორი ნათია გურული ადასტურებს, რომ შემაკავებელი ორდერი გაიცა ბასილაშვილი მამაზე. თუმცა, მისი თქმით, "მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, ამ ეტაპზე, დაზარალებული არ მიუთითებს".

პროკურორის თქმით, ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, რომელიც ჩოგბურთელმა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. 

"სასამართლო არ დაგვეთანხმა იმ გარემოებაში, რომ არსებობდა მაღალი რისკები ჩადენილიყო ახალი დანაშაული, ასევე განადგურებულიყო მტკიცებულება, ან მომხდარიყო ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმალვა. თუმცა, ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა", - ამბობს პროკურორი. 

მომდევნო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა.

საქართველოს პირველი ჩოგანი 22 მაისს დააკავეს. 

ბრალდების ინფორმაციით, მან, ურთიერთშელაპარაკების დროს, ყოფილ ცოლზე ფიზიკურად იძალადა. 

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბასილაშვილი უდანაშაულოა და ბრალს არ აღიარებს. 

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.

კომენტარები