The New York Times

NEW YORK TIMES-მა გარეკანზე COVID-19-ით გარდაცვლილთა სახელები და გვარები დაიტანა

The New York Times

The New York Times-მა გარეკანზე ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა სახელები და გვარები დაიტანა.

"ამერიკაში გარდაცვლილთა რიცხვი 100 000-ს მიუახლოვდა, განუზომელი დანაკარგი", - წერია სათაურად.

გარეკანზე არც სურათი, არც სტატიების სათაურები, არც სარეკლამო ბანერები არ არის გამოსახული, მხოლოდ გარდაცვლილთა სახელები წერია და მათი მოკლე ისტორიები არის მოყოლილი.

"ისინი არ ყოფილან რიგითი სახელები სიაში. ისინი ჩვენში იყვნენ", - წერია გარეკანზე.

"ანჯელინა მიქალოპოლუსი, 92, - არასდროს ეშინოდა სიმღერის ან ცეკვის.

ლილა ფენვიკი, 87, იყო პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც ჰარვარდის სამართლის სკოლა დაამთავრა.

რომი კონი, 91, 56 ებრაული ოჯახი გესტაპოსგან იხსნა.

ეიპრილ დუნი, 33, იცავდა შშმ პირების უფლებებს.

პატრისია ტეთჩერი, 79, 42 წლის განმავლობაში გალობდა ეკლესიის გუნდში.

ფილიპ კანი, 100, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომლის ტყუპისცალიც ესპანური გრიპის დროს დაიღუპა", - ეს იმ სახელებისა და გვარების ნაწილია, რომლებიც ჟურნალის პირველ გვერდზე წერია.

ამერიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 667 437 შემთხვევა არის გამოვლენილი. აქედან, გამოჯანმრთელებულია 446 927 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 98 691.

კომენტარები