საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

"დააჩქარებს სახელმწიფოსთან სასურველ ურთიერთობას" - რას ამბობენ მღვდელმთავრები ტყის გადაცემაზე

reginfo

სასულიერო პირები ირწმუნებიან, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურები ტყეს სახელმწიფოზე უკეთ მოუვლიან.

"ტყეებს მოვითხოვთ ის მონასტრები, რომლებიც ტყეში არიან, ტყეში ცხოვრობენ და თითონ არიან მეტყევეები და დამცველები ამ ტყისა. თუ გადმოგვეცემა, ჩვენ ჯერ არ ვიცით, გადმოგვეცემა თუ არა ის.

თუ ადამიანები უარყოფითს ელოდებიან, ისტორია წაიკითხონ და ნახონ, როგორ უვლიდა ეკლესია ტყეს", - ამბობს რუსთავი 2-თან ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.

ალავერდელი მიტროპოლიტის, დავით მახარაძის თქმით კი, ტყეების გადაცემის კანონი "უფრო მეტად დააჩქარებს ისედაც დიდი ხნის სასურველ ურთიერთობას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის".

"არ უნდა მოიჭრას ხეები ტყეში, არ უნდა გაანადგურონ აკაციები. ვფიქრობ, რომ ეს კანონი უფრო მეტად დააჩქარებს ისედაც დიდი ხნის სასურველ ურთიერთობას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის", - თქვა მან.

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით კი, ტყის ეკლესიისთვის გადაცემით სიკეთეს "შვილები" მიიღებენ.

„იმისგან, რომ ტყე გადაეცემა ეკლესიას, ვთქვათ, მთელი ტყეც რომ გადაეცეს, ამისგან სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები. ტყეს არ ეცვლება სტატუსი, ტყე რჩება ტყედ და ის კანონები, რაც ზოგადად ტყეს იცავს, ძალაშია ყველაფერი. ტყე მე თუ გადმომეცემა, არავინ მაპატიებს იმას, რომ ეს ტყე გავჩეხო ან გავყიდო, ან რა უნდა ვუყო? - უნდა მოვუარო ერთადერთი. ჩემთვის ეს რთულია, დამატებითი დავალებაა, პასუხისმგებლობა.

გულის მოგება თუ გინდა ადამიანის, ტყე კი არ უნდა აჩუქო, რამე ისეთი უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს და ეკლესია რას ისარგებლებს? არ ვიცი, არ მესმის,“- თქვა მან რუსთავი 2-თან.

22 მაისს პალამენტმა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა. ოპოზიცია კენჭისყრას არ დასწრებია.

ცვლილებები შევიდა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონშიც.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა, საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანომდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები.

კანონპროექტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

TDI კანონის შესაბამისი მუხლების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

საკონსტიტუციოსთვის მიმართვას გეგმავს EMC-ც. ასევე, EMC-ის განცხადებით, აშკარაა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვებისა და რელიგიური საკითხების პოლიტიკურად გამოყენების კიდევ ერთი პოპულისტური მცდელობაა და მათ შორის, წინასაარჩევნო კონტექსტი აქვს.

კომენტარები