ნიკოლოზ ბასილაშვილი

"ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა" - ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

qatartennis.org

ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა. ოჯახი ნეკა დოროყაშვილზე ძალადობას უარყოფს და წერს, რომ სპორტსმენის ყოფილი ცოლი მათთვის "მორალური, ფინანსური და რეპუტაციული" ზიანის მიყენებას წარსულშიც ცდილობდა.

ბასილაშვილის ოჯახის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა.

პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამარით ისმის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია გარდა ბავშის მეურვეობისა.

ნელი დოროყაშვილმა, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამრთლომ განიხილა, და ბასილაშვილის დედა გაამართლა.

რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს.

სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს", - წერს ბასილაშვილის ოჯახი.  

ჩოგბურთელი, საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის გამო 22 მაისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს, 24 იმსჯელა და სპორტსმენს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მან გირაო უკვე გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.   

ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ბასილაშილის სახლში მცირეწლოვანი შვილის წამოსაყვანად მივიდა. მისივე თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი მას ფიზიკურად ბავშვის თანდასწრებით გაუსწორდა, კონფლიქტში ჩაერია ბასილაშვილის მამაც და მას "რაღაც იარაღით" გაეკიდა.

პროკურატურა აცხადებს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ბასილაშვილის მამაზეც. თუმცა, პროკურორის განცხადებით, მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, "ამ ეტაპზე, დაზარალებული არ მიუთითებს".

დაცვის მხარის მტკიცებით, ბასილაშვილი უდანაშაულოა და ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები