ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილი: არ ვაპირებ საჯარო დიკუსიაში შევიდე ყოფილ ცოლთან და ვამტკიცო ის, რაც არ ყოფილა

ნიკოლოზ ბასილაშვილი
Facebook/Nikoloz Basilashvili

ჩოგბურთელი, საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებას მიმართავს და ყოფილ ცოლზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობას უარყოფს.

"ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

რაც შეეხება 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაბზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემ შვილთან, განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკცებ", - წერია მიმართვაში.    

მანამდე, განცხადება გაავრცელა ჩოგბურთელის ოჯახმაც. ოჯახი ნეკა დოროყაშვილზე ძალადობას უარყოფს და წერს, რომ სპორტსმენის ყოფილი ცოლი მათთვის "მორალური, ფინანსური და რეპუტაციული" ზიანის მიყენებას წარსულშიც ცდილობდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის გამო 22 მაისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს, 24 მაისს იმსჯელა და სპორტსმენს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მან გირაო უკვე გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.   

ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ბასილაშილის სახლში მცირეწლოვანი შვილის წამოსაყვანად მივიდა. მისივე თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი მას ფიზიკურად ბავშვის თანდასწრებით გაუსწორდა, კონფლიქტში ჩაერია ბასილაშვილის მამაც და მას "რაღაც იარაღით" გაეკიდა.

პროკურატურა აცხადებს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ბასილაშვილის მამაზეც. თუმცა, პროკურორის განცხადებით, მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, "ამ ეტაპზე, დაზარალებული არ მიუთითებს".

კომენტარები